
გიორგი გახარიას მიერ საგუშაგოს აღმართვას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვა, რამაც სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებული ყოფილი პრემიერის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ პროცესის შემდეგ განაცხადა.
„[საქმეში წარმოდგენილია]საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთი სააგენტოს სტატია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული, რომ ეს სტატია წარმოდგენილია ერთადერთი მიზეზით - გიორგი გახარიას მიერ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს აღმართვას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვა, რომელმაც სამხედრო ესკალაციის საფრთხე გამოიწვია. [ენდობა თუ არა პროკურორი სტატიის შინაარს] - ნდობაზე საუბარი არ არის, მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს, კონკრეტულ სტატიაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედებებია ასახული. ამ სტატიის სასამართლოში წარდგენა, მის მიმართ ნდობას ან არ ნდობას არ ნიშნავს.
რაც შეეხება დისტანციურად გიორგი გახარიას დასწრებას, პროკურატურას მკაფიო განმარტება აქვს - სასამართლო პროცესზე დისტანციურად ბრალდებულის ჩართვას სასამართლო წყვეტს. დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა, რომ გიორგი გახარია დისტანციურად გამოკითხულიყო, რაზეც ბრალდების მხარემ გააკეთა მკაფიო განმარტება, რომ ძებნილი ბრალდებულის გამოკითხვა ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან თავისი არსით, სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ გიორგი გახარიას მიმართ ძებნაა გამოცხადებული, რადგან ის თავს არიდებს მართლმსაჯულების ორგანოებში გამოცხადებას. მიმალვის საფრთხე რეალიზებულია და სასამართლო პროცესზე ძებნილი ბრალდებულის დისტანციურად გამოკითხვას, ბრალდების მხარე ვერ განახორციელებდა“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე შესაბამის პროცედურებს განახორციელებს გიორგი გახარიას ძებნასთან დაკავშირებით.
„საქართველოს პროკურატურა მოქმედებს საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ბრალდებული თავს არიდებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ქართული მხარე შესაბამის პროცედურებს განახორციელებს გიორგი გახარიას ძებნასთან დაკავშირებით. ძებნასთან დაკავშირებით დადგენილება საქმეში დევს“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.