
მას წლების განმავლობაში მოიხსენიებდნენ ბიძინა ივანიშვილის "პერსონალურ ფინანსისტად", მასთან და მის ოჯახთან დაახლოებულ ადამიანად. ამბობდნენ, რომ ის ივანიშვილს ლამის "შვილივით უყვარდა". პრემიერის ყოველი შეცვლისას ჩნდებოდა ვარაუდები, რომ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი სწორედ ის იქნებოდა, თუმცა... ყველაფერი თავდაყირა მას მერე დადგა, რაც გაირკვა, რომ მას ივანიშვილი დიდი ოდენობის კრიპტოვალუტის ქურდობაში ადანაშაულებდა...
ა.წ. 18 თებერვალს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, ცნობილი გახდა, რომ "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც 11- წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რის მერეც გლდანის საპატიმრო დატოვა. ბაჩიაშვილმა ციხეში თითქმის 9 თვე გაატარა. ის დამნაშავედ იყო ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში და საზღვრის უკანონო კვეთაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით მაინინგში ინვესტიცია განახორციელა და 24 661.85 ბიტკოინი გამოიმუშავა, საიდანაც 8 253.13 ბიტკოინი მიითვისა. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - 11 წლით. ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა "კრიპტოვალუტის საქმეზე“, რომელშიც დაზარალებულად ბიძინა ივანიშვილია ცნობილი. სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს სამოქალაქო საქმის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ადვოკატ ლევან მახარაშვილის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა "სრულიად აღიარა ყველა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და აანაზღაურა ზიანი, რის შემდეგაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ერთწლიან პირობით მსჯავრზე. მას ასევე დაეკისრა სასჯელის სახით სახელმწიფოსთვის 50 000 ლარის გადახდა. ბაჩიაშვილის საზღვარგარეთ მყოფი მშობლების წინააღმდეგ კი შეწყვეტილია სისხლის სამართლებრივი დევნა“.
მისივე თქმით, "შეთანხმება სამოქალაქო ნაწილში თანხასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არის მიღწეული და ეს პირობები კონფიდენციალურია“.
მიუხედავად ამისა, სანდო წყაროს ცნობით, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს თავისუფლების სანაცვლოდ, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის ფასის ბიტკოინი გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის სტატუსით, Credit Suisse-ის წინააღმდეგ დავაში ფიგურირებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ წელს მან ჩვენება შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ სინგაპურის სასამართლოში მისცა. გამოცემის მასალებში მისი გვარი პირველად 2016 წელს გამოჩნდა.
წყარო: ambebi.ge