
დღეს არც ნდობა გვაქვს და არც მიგვაჩნია, რომ (ერთობების დოკუმენტების ხელმოწერა) არის ის გზა, რომელიც ახლა სწორი მიდგომა და სტრატეგიაა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
ის არ გამორიცხავს იმას, რომ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ჰქონდეს სხვა პარტიებთან კონსულტაციები.
„ჩვენი გადმოსახედიდან იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას დავანახოთ ივანიშვილის რეალური დემოკრატიული ალტერნატივა, ვფიქრობთ, მრავალფეროვანი შეთავაზება უფრო სწორი მიდგომა იქნება, ვიდრე ერთიანი და დიდი.
საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ ნდობა ისეთი არ არის. ჩვენი მხრიდან ღიად ვამბობთ, რომ ასეთი პროცესის ფინალის ნდობა არ გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირების გზაზე „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ თავისი განსხვავებულობით, კონკრეტული პარტიული მიდგომით უნდა აჩვენოს ის ალტერნატივა, რომელიც ქართულ საზოგადოებას ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მომენტში ელოდება.
ჩვენი ხედვა უნდა გვქონდეს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გვქონდეს კონსულტაციები, ვისაუბროთ აბსოლუტურად ყველასთან ოპოზიციის როლზე. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ კონსტრუქციული საუბრის მომხრე.
რაც შეეხება ერთობებს, დოკუმენტების ხელმოწერებს, ამ პროცესის მიმართ დღეს არც ნდობა გვაქვს და არც მიგვაჩნია, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ახლა ამ პოლიტიკური ვითარებაში სწორი მიდგომა და სტრატეგია არის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.