
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერი და ორი სპორტული მოედანი განახლდება.
დაახლოებით 5000 კვ/მ ფართობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება დასასვენებელ სივრცეს, ასევე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს.
სპორტულ მოედნებზე დაიგება რბილი საფარი, განახლდება ღობეები და დამონტაჟდება შესაბამისი ინვენტარი. რაც შეეხება სკვერს, ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით რბილ საფარზე, ორი ფიტნეს ზონა, ორი გადახურული პავილიონი მაგიდებითა და სკამებით. გარდა ამისა, სკვერის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდება სამი ტიპის საპარკო სკამები, მათ შორის საქანელა სკამები, დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი და განათების ქსელები, რის განხორცილებასაც უზრუნველყოფს "თბილსერვის ჯგუფი".
სკვერისა და სპორტული მოედნების პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 427 000 ლარს შეადგენს.