
„ოცნებას“ არ აქვს რესურსი, რომ ადამიანებზე მორგებული რეფორმები ატაროს, რადგან ეს არის მავნე რეჟიმი, რომლის ნებისმიერი ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისა და მოპარული ფულის შენარჩუნებას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, არის ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ სოციალური შემწეობის მქონე პირების ნუსხასთან დაკავშირებულ რეფორმებს პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებს.
„ზოგადად, „ოცნებას“ ჩვენს ქვეყანაში რეფორმა ესმის ისე, რომ შედეგად ამყარებს საკუთარ ძალაუფლებას, პოლიტიკურ ბერკეტებს და ამ ყველაფერს შემდეგ საკუთარი სარგებლისთვის იყენებს. შესაბამისად, აქაც იბადება ეჭვი, რომ ამ სფეროშიც და ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ეს ცვლილებები პოლიტიკური ნიშნით იქნება გამოყენებული. თუმცა ამის მიღმა, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს სფერო რეფორმებს საჭიროებს, საჭიროებს ამ მიმართულებით სწორი ხედვების განვითარებას, რა არის ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი? „ოცნების“ მაღალჩინოსნებს ერთი მეორეს მიყოლებით ხალხის ფულის მოპარვისთვის აკავებენ. ამ ყველაფერზე „ოცნება“ წლების განმავლობაში დუმდა, ბავშვების ბაღის საჭმლის ფული მოიპარეს, გვიან გავიგეთ, რომ საწამლავს აჭმევდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, ყოველდღიურად ასეთ საოცარ ისტორიებს ვიგებთ, რაზეც მთელი სახელმწიფო ვერტიკალი დუმდა. იმ ფონზე, როდესაც შერჩევითი სამართლითა და კლანური ბრძოლებით ხდება ამ ყველაფრის გადაწყვეტა, ყველაზე გაჭირვებულ ფენას, ვისაც „ოცნების“ პოლიტიკა ყველაზე მეტად დააწვა, ეუბნებიან, რომ რეფორმას გავაკეთებთ, შევისწავლით, ვინ სად ხართ და რას ფლობთო. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან „ოცნებამ“ დღესდღეობით ხალხში ნდობა დაკარგა. „ოცნებას“ არ აქვს რესურსი, რომ ადამიანებზე მორგებული რეფორმები ატაროს, რადგან ეს არის მავნე რეჟიმი, რომლის ნებისმიერი ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისა და მოპარული ფულის შენარჩუნებას. ამიტომ არ გვჯერა, რომ მათი ქმედებები შედეგის მომტანი იქნება“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ბაზაში დღემდე არიან ადამიანები და ოჯახები, რომელთაც სოციალური დახმარების აუცილებლობა აღარ აქვთ.