
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გლობალურ 10%-იან ტარიფებს 15%-მდე ზრდის.
ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში დაწერა.
„აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მრავალთვიანი ფიქრის შედეგად ტარიფებთან დაკავშირებით გუშინ გამოქვეყნებული აბსურდული, ცუდად შედგენილი და სრულიად ანტიამერიკული გადაწყვეტილების საფუძვლიანი, დეტალური და ამომწურავი განხილვის შემდეგ, ეს განცხადება ჩაითვალოს იმის დასტურად, რომ მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი გლობალურ 10%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ შეერთებულ შტატებს (ვიდრე არ გამოვჩნდი მე) სრულად დასაშვებ და სამართლებრივად გამყარებულ 15%-მდე“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 3 აპრილს დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის. როგორც ტრამპმა განმარტა, სასამართლოს გადაწყვეტილება მას, ზოგადად, ტარიფების დაწესებას არ უზღუდავს, ის მოიცავს მხოლოდ კონკრეტული „საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების“ კანონის ფარგლებში ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას, რომლითაც 2025 წლის აპრილში მან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა ბეგარა.