
ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც დონორის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ულტიმატუმს უყენებს არჩეულ ხელისუფლებას, იმუქრება მისი წალეკვით, თუ მას არ ჩასვამენ მთავრობაში, ასეთმა დონორმა იმწამსვე უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ კეთილსინდისიერია. როდესაც აგრძელებს დაფინანსებას, ესე იგი იღებს ამას როგორც მოცემულობას.
„ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?! ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ, როგორც საქართველოს მოქალაქეს, გაქვთ ინტერესი რაში ხარჯავს ბელგია, ნიდერლანდები და ა.შ. თანხას საქართველოს? შედით და გახსენით ISFED-ის გვერდი და ნახეთ თუ მოძებნით ვინ აფინანსებს, რა პროექტები აქვთ, ვინ არიან დონორები. ფაქტია, რომ გაუმჭვირვალეა პროცესი. ჩამოუარეთ [არასამთავრობო ორგანიზაციების] ვებგვერდებს და რამდენის დაფინანსებას ნახავთ. ზოგან შეიძლება ნახოთ მარტო ლოგო, ზოგან - ჩამონათვალი, პროექტის დასახელება, ან თანხა არ იყოს მითითებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ შეახსენა, რომ რამდენიმე პროექტში, მათ შორის ევროკავშირის პროექტ „ერასმუსში“, პოლიტიკური სწავლების სკოლაში, რომელიც ევროსაბჭოს მიერ ფინანსდებოდა, მას და შალვა პაპუაშვილს, ასევე ლევან მახაშვილს ერთად მიუღიათ მონაწილეობა სემინარებში და გამოდის თუ არა, რომ სამივე აგენტები არიან.
„აგენტი რა შუაშია?! ფაქტი არის, რომ არ არის ცნობილი ვინ ვის აფინანსებს. არ იყო სისტემა, სადაც შეხვიდოდი ადამიანი და გაიგებდი, მაგალითად ვინ აფინანსებს ISFED-ს. 2022 წელს ივნისში, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, პარლამენტის წინ „ენჯეობი“ რომ ჩამწკრივდნენ სცენაზე, მოითხოვეს, რომ პარლამენტს დაეთხოვა მთავრობა, შეექმნა ტექნიკური მთავრობა, სადაც 1/3 იქნება უმრავლესობა, 1/3 ოპოზიცია და 1/3 უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, რომელსაც ვეტოს უფლება ექნებოდა. თან თქვეს, ეს თუ არ მოხდება, წაგლეკავთო. ასე დაგვემუქრნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები. ამის შემდეგ როდესაც შეხვედრები მქონდა ელჩებთან, დონორებთან, ყველას ვაჩვენებდი ამ ფოტოს, სადაც „ენჯეო“ ლიდერები ჩანან და ყველა ხელს იბანდა. ამბობდნენ, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ და არ ვიცით ვინ აფინანსებსო. ასე ხელის დაბანა ხდებოდა მათ ქცევაზე. როდესაც დონორის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ულტიმატუმს უყენებს არჩეულ ხელისუფლებას, იმუქრება მისი წალეკვით, თუ მას არ ჩასვამენ მთავრობაში, ასეთმა დონორმა იმწამსვე უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ კეთილსინდისიერია. როდესაც აგრძელებს დაფინანსებას, ესე იგი იღებს ამას როგორც მოცემულობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.