რეზონანსი
21.02.2026

ვერცერთ თეთრს ვერ დამისახელებთ, რომ გამოყოფილი გქონდათ იმ ვალდებულების და ინიციატივისთვის, რომელიც თქვენ მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ჩაწერეთ, - ასე მიმართა „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ხელისუფლების წარმომადგენლებს - შალვა პაპუაშვილსა და ლევან მახაშვილს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით აიღო ვალდებულება, რომ ყველა გადაწყვეტილებაში ჩაერთო სამოქალაქო სექტორი, რაც არ შეასრულა.

„ასოცირების ხელშეკრულება არ გაგვიუქმებია. მეოცე თავს გაგახსენებთ, რომელშიც პირდაპირ აიღეთ ვალდებულება, რომ ყველა გადაწყვეტილებაში ჩართავდით სამოქალაქო ორგანიზაციებს. 2014 წელს რომ მოაწერეთ ამას ხელი, სახელმწიფოს არცერთი თეთრი არ გამოგიყვიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაგეფინანსებინათ ამ დიალოგში მონაწილეობის მიმართულებით. თქვენ თავად უთხარით ევროკავშირს, რომ მე ამისთვის ფული არ მაქვს და გადაუხადეო. პოსტფაქტუმ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აიძულეთ, რომ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელთა რეესტრში ჩაწერილიყვნენ. ვერცერთ თეთრს ვერ დამისახელებთ, რომ გამოყოფილი გქონდათ იმ ვალდებულების და ინიციატივისთვის, რომელიც თქვენს მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ჩაწერეთ“, - აღნიშნა კუპრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×