
ვის სჭირდება რეალურად სახელმწიფოსგან შემწეობა? - ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.
ზუსტი, განახლებული და გამჭვირვალე მონაცემები სისტემაში უახლოეს მომავალში აიტვირთება, მანამდე კი ირკვევა, რომ უკვე რეგისტრირებული 400 ათასამდე ოჯახიდან, ბევრს მაღალ შემოსავალთან ერთად, ძვირადღირებული ავტომანქანები ჰყავს.
ხელისუფლება კი ამბობს, რომ სამართლიანობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მალე რეალური სურათიც გახდება ცნობილი. დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ის ოჯახები ვისაც ამის საჭიროება აქვს.
ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება და სოციალურად დაუცველთა ბაზის განახლების საკითხი იქნება, "რუსთავი 2-ზე", დებატების მთავარი თემაც.
ჯანდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ოპოზიცია და ექსპერტები - ერთმანეთის პირისპირ ხვალ, 22:00 საათზე დასხდებიან.
საკითხზე საუბრობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კონკრეტულ ზღვარს ზემოთ მყოფ ადამიანს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღარ სჭირდება.
"ამ ბაზის მთავარი ფუნქციაა შეაფასოს ოჯახების მატერიალური მდგომარეობა, რომლებსაც შეიძლება ესაჭიროებოდეს სახელმწიფოს მხრიდან, საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე, ფინანსური მხარდაჭერა.
ეს უნდა იყოს მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს აქვთ რეალური აუცილებლობა ასეთი მხარდაჭერის. ეს არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდებიან ოჯახები და ამ შეფასების სისტემის საფუძველზე ხდება საბოლოო დასკვნის გაკეთება. შეფასების რამდენიმე ქულაა, რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო მეტია მხარდაჭერის საჭიროება. რაღაც კონკრეტული ზღვარია, რომლის ქვემოთაც მყოფ ადამიანებს ვეხმარებით, ზღვრის ზემოთ ვთვლით, რომ დახმარების აუცილებლობა აღარ არის.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველ ოჯახის ცხოვრებაში არსებობს გარკვეული დინამიკა - ვიღაც მუშაობას დაიწყებს, ვიღაც რაღაცას შეიძენს, ვიღაცას, შესაძლოა, სხვა შემოსავალი გაუჩნდეს, ამიტომაც ამას სჭირდება გარკვეული პერიოდულობით გადამოწმება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.