
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, საფრანგეთში აშშ-ის ელჩს ჩარლზ კუშნერს უწყებაში დაიბარებს.
„ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ პოლიტიკურ ოპორტუნიზმს ამ დრამასთან დაკავშირებით, რომელიც ფრანგული ოჯახის დანაკარგს წარმოადგენს", - განაცხადა მან ფრანგულ მედიასთან საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტი კვენტინ დერანკი რადიკალ მემარცხენე აქტივისტებთან მომხდარი ჩხუბის დროს ცემის შედეგად გარდაიცვალა.
საფრანგეთში აშშ-ის საელჩომ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ განაცხადეს, რომ მომხდარს აკვირდებიან და რომ ძალადობრივი რადიკალური მემარცხენე მოძრაობა იმპულსს იძენს და საზოგადოებრივ საფრთხედ უნდა ჩაითვალოს.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფრანგი მოსამართლის, ნიკოლა გილუს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხსაც წამოჭრის. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ზომები ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ავტონომიასა და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე თავდასხმაა.
გაზეთმა Tribune-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერა და ბრეტონისა და გილუს წინააღმდეგ სანქციების მოხსნა სთხოვა.