რეზონანსი
24.02.2026

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, ძებნილი გიორგი ჯოხაძის ცოლი სასამართლოში არ გამოცხადდა. ელენე ძაძუა, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამოკითხულიყო, თუმცა მოწმემ დამატებით უსაფრთხოების ზომები მოითხოვა, რათა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე პროცესზე მისულიყო. 

შეგახსენებთ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ბოლო პროცესების განმავლობაში, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლევან ჯანგველაძისა და ძმები მიქაძეების მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. 

ელენე ძაძუამ პროკურატურისგან და სასამართლოსგან მისი უსაფრთხოების დაცვის შესახებ პირობა მიიღო, შესაბამისად, ის ხვალ დაიკითხება.

„გამოძახებული გვყავდა მოწმის სახით ბრალდებული გიორგი ჯოხაძის მეუღლე, რომელიც როცა მოვიკითხეთ, ადვოკატმა გააჟღერა ამგვარი პოზიცია, რომ ის ვერ მოვიდა, რადგან თავს არ თვლის უსაფრთხოდ. აქვე დასძენს ბრალდების მხარე, განმარტავს, რომ არცერთ მოწმეს, ვინც ამ პროცესზე დაიკითხა, მსგავსი პრობლემა არავის არ შექმნია და არც არავის დაუფიქსირებია, არც სამართალდამცავ ორგანოში შემოსულა მსგავსი შეტყობინება. 

შესაბამისად, ჩვენ მზაობას გამოვხატავთ, თუ ის თვლის, რომ სჭირდება პოლიციის მეშვეობით მოცილება და შემდეგ გაცილება, რა თქმა უნდა, ამასაც უზრუნველყოფს ბრალდების მხარე“, - განაცხადა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს, გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, 12 აგვისტოს, შსს-მ სამი პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×