რეზონანსი
24.02.2026

სამწუხაროდ, პეტერ ფიშერი ჭორაობს, ჭორიკანად გადაიქცა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

პეტერ ფიშერმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტზე საუბრისას განაცხადა: „მინდა, აღვნიშნო, რომ უნგრეთი არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აარჩია როგორც მისი მოკავშირე. როგორც ამბობენ, უნდა დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანებაში. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს არ მოხდება. ჩვენ ვისაუბრეთ სანქციებზე, სასანქციო პაკეტში ყულევის პორტიც იყო. ეს იყო საკანონმდებლო წინადადება ევროკავშირში. ის ასევე დაიბლოკა უნგრეთის და სლოვაკეთის მიერ“.

მახაშვილის თქმით, პეტერ ფიშერი უნგრეთსა და სლოვაკეთზე აგდებული ტონით საუბრობს.

„რომელ ქვეყანაზე ნაკლები წარმოუდგენია ან ერთი, ან მეორე ქვეყანა? ყულევის თაობაზეც საუბრობს, რომ რაღაც მტკიცებულებები ჰქონდათ და ა.შ. ამის თქმა მიჭირს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანი ჭორაობს, ჭორიკანად გადაიქცა, მით უმეტეს, ასეთ თემებთან დაკავშირებით. წესითა და რიგით, ეს დისკუსიები დახურული მოლაპარაკებებია, სადაც ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა ხდება, შემდეგ კი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, მან ჭორაობას თავი დაანებოს და იმას მიხედოს, რისთვისაც მოვლენილია და რის გამოც არაერთხელ მიიღო შენიშვნა. როგორც ჩანს, ამ საქმეს აგრძელებს. ამ ადამიანთან რაიმე კონფრონტაციაში შესვლას მაქსიმალურად ვერიდებით, რადგან ზაფხულამდე რაღაცნაირად გავძლებთ მასთან ერთად და არ გვინდა, ისე დავაზიანოთ, რომ ახალი ელჩის პირობებში შეუძლებელი იყოს ურთიერთობის აღდგენა. ჭორაობა თუ უნდა, გააგრძელოს, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ ყულევის თაობაზე კონკრეტული მტკიცებულება წარვადგინეთ, რა და როგორ შემოდის, რითი შემოდის და სად გადის, ამაზე გადაწყვეტილებაც მკაფიოა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×