
ჩემი აზრით, სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, რადგან სანქციები კონკრეტულ შედეგებზე გადის. კი ამბობენ, „ფასი არ აქვსო", ეჭვი მაქვს, რომ არც იციან რა რეაქცია ჰქონდეთ , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა" და „POSTV" -ის დასანქცირებაზე ისაუბრა.
ხუხაშვილმა „პლაიტრანიუსისი" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" აღნიშნა, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენა ექნება.
ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, მედიაკომპანიებს საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული სირთულეები შეექმნათ. მისი თქმით, ეს შეეხება როგორც ანგარიშების მომსახურებას, ისე თანამშრომლების ხელფასების გაცემას.
„ჯერ ტკივილი არ უგრძნიათ, მაგრამ უკვე კარგად იგრძნო ბიზნესმა. დღეს ან ხვალ „საქართველოს ბანკმა" და „თი-ბი-სი"-მ უნდა დახურონ „იმედის" და „POSTV-ის ანგარიშები. მოგეხსენებათ, ფულის მიმტანი ბევრი კომპანიის დამფუძნებლები რეგისტრირებულები არიან ოფშორულ ზონებში, ხოლო მათი უმრავლესობა ბრიტანულ იურისდიქციაში არის მოხვედრილი. სანქციების ერთ-ერთი პუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ სანქცირებულ კომპანიებთან ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა არის დასჯადი. ეჭვი მაქვს,რომ კომპანიების უმრავლესობას, რომლებსაც კომუნიკაცია ჰქონდათ იმედთან, ხელშეუხებლობაში არიან ასეთ იურისდიქციასთან",- განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის თქმით, სანქციების პირობებში კომპანიებს შეიძლება გაუჭირდეთ საბანკო ანგარიშების გახსნა და თანამშრომლებისთვის ხელფასების დარიგება, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ თანამშრომლები სხვა კომპანიებში გაფორმდებიან. მისი შეფასებით, ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწევთ სანქციების მოთხოვნების გათვალისწინება.
ხუხაშვილი ასევე საუბრობს ტელეკომპანია „იმედის" ფინანსურ მდგომარეობაზე და აღნიშნავს, რომ, მისი ინფორმაციით, კომპანიას მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს. მისი შეფასებით, სანქციების პირობებში ტელეკომპანიას საქმიანობის გაგრძელება შესაძლოა დამატებითი სირთულეებით მოუწიოს.
„ანგარიშებს ვერ გახსნიან, ხელფასებს ვერ დაარიგებენ თუ სხვადასხვა კომპანიებში არ გააფორმეს ყველა თანამშრომელი, მაგრამ იქაც მიწვდება ეს სანქციები და ვინც გააფორმებს მათ, ისინიც ფრთხილად იყვნენ. ანგარიშები ყველა ბანკმა უნდა დახუროს. რას იზამს ახლა რუხაძე ნიანგის ცრემლებს რომ ღვრიდა? გაუხსნას ახლა ანგარიშები „იმედს" და POSTV-ის „ლიბერთი ბანკში".
ვირთხები გარბიან გემიდან, როდესაც ხედავენ საფრთხეში არიან. ბოლომდე ისარგებლა „იმედით" და მერე სხვებს შეტენა. „იმედს" ნახევარ მილიარდამდე აქვს ვალები და ის ჩიხლაძეებს და ვიღაცებს აკიდეს. ეს ვალი ბიჭებმა და გოგოებმა ისე ვაჟკაცურად აიკიდეს, რომ აზრზე არ არიან.
პრაქტიკულად, მთლიანად შავ ბუღალტერიაზე უნდა გადავიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ „საქართველოს ბანკსა" და „თი-ბი-სი" ბანკს გაუხარდათ სანქციები, რადგან აწუხებდნენ, ფულს არიცხინებდნენ",- აცხადებს ხუხაშვილი.
ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ დასანქცირებული ორი ტელეკომპანიის სიას „რუსთავი 2" -ც დაემატოს.
ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ პროცესები „დომინოს პრინციპით" განვითარდება და დიდი ბრიტანეთის შემდეგ გადაწყვეტილებები ევროპულმა სტრუქტურებმაც მიიღონ.
„ამ სიას დაემატება „რუსთავი-2" და არა მარტო ის. ბრიტანეთი პირველი მერცხალია , მოვლენები დომინოს პრინციპით განვითარდება. ამას მოჰყვება ევროპის სანქციები. ბრიტანელები და ევროპელები კოორდინირებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ჯიუტობს, ამერიკულ დემოკრატიასაც სხვა გზა არ ექნება. ცოტა ხანში ისინიც შეუერთდებიან",- აცხადებს ხუხაშვილი.
ხუხაშვილმა ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძის განცხადებაც შეაფასა, სადაც გორდულაძემ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ „დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ „იმედი" სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა - ახლა შემსრულებლები აღარ ჰყავთ და თვითონ დაარტყეს".
ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ 2007 წელს „იმედის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები მოჰყვა, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი-ის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რაც, მისი თქმით, დასავლეთის ზეწოლის ფონზე მოხდა.
„ჯერ ბრიტანეთს დააბრალეს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა. ის [გორდულაძე] არის კარიკატურული პერსონაჟი. საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა მოხდა 2007 წელს „იმედში". სწორედ „იმედის" ქეისს მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და არჩევნების დანიშვნა, რაც დასავლეთის ზეწოლით მოხდა. ახლა გამოდის ეს კარიკატურული პერსონაჟი და ამბობს, რომ თურმე უცხოელებს დაუვალებიათ სააკაშვილისთვის „იმედის" დარბევა",- აცხადებს ანალიტიკოსი.