რეზონანსი
24.02.2026

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი რუსული ნავთობის სრული აკრძალვის წინადადებით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორი წყაროს ინფორმაციით, დროის შესაბამისი მონაკვეთის არჩევის მიზანია, არ დაუშვას, რომ რუსული ნავთობის აკრძალვა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს უნგრეთის წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ მომენტისთვის, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ჯერ კიდევ დამოკიდებული არიან რუსული ნავთობის იმპორტზე, მკაცრად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ აკრძალვას.

ევროკავშირის დღის წესრიგის პროექტის თანახმად, ევროკომისია აკრძალვის წინადადებით გამოსვლას 15 აპრილს გეგმავს, თუმცა ევროკავშირის დღის წესრიგს წინასწარი ხასიათი აქვს და თარიღი შეიძლება შეიცვალოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი ნაციონალისტური პარტია "ფიდესი" 16 წლის მანძილზე ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან.

ასევე, აღინიშნება, რომ ევროკავშირმა უკვე შემოიღო სანქციების რუსული ნავთობის საზღვაო გზით იმპორტზე. თუმცა, ამჯერად ევროკავშირი რუსული ნავთობის სრული აკრძალვის კანონმდებლობაში დაფიქსირებას აპირებს, რომელიც ძალაში დარჩება უკრაინის წინააღმდეგ ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც, რასაც შესაძლოა ევროკავშირის სანქციების გაუქმება გამოეწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×