
პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკება მოხდა, რასაც სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა. განადგურებულია მხარეების სასაზღვრო პუნქტები და დაღუპულია რამდენიმე ჯარისკაცი. გავრცელებული ცნობებით, დარტყმები 26 თებერვალს ღამით განხორციელდა, მას შემდეგ, რაც თალიბანმა პაკისტანის ინფრასტრუქტურაზე ე.წ. „საპასუხო დარტყმები" დაიწყო. ექსპერტები დიდი ომის დაწყებას ნაკლებად ვარაუდობენ, რადგან პაკისტანისა და ავღანეთის სამხედრო რესურსები მკვეთრად განსხვავდება.
ავღანეთის ძალებმა ორი საათის განმავლობაში ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანის ჩრდილოეთ-დასავლეთის მთიან რეგიონში მდებარე პოსტებს იქამდე, სანამ პაკისტანის ძალებმა არ უპასუხეს.
- პაკისტანის თავდაცვის მინისტრი: „პაკისტანმა ყველა ღონე იხმარა სიტუაციის ნორმალიზებისთვის. ის სრულფასოვან დიპლომატიაში ჩაერთო. თუმცა ჩვენი მოთმინების ფიალა უკვე აივსო. ახლა ჩვენსა და თქვენს შორის ღია ომია"
კერძოდ, განცხადების თანახმად, პაკისტანის ჯარებმა „დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება მოახდინეს", რამაც მსხვერპლი გამოიწვია. აღინიშნება, რომ პაკისტანი ყველა საჭირო ზომას მიიღებს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და მოქალაქეების დასაცავად.
საჰაერო დარტყმების დაწყებამდე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვყნა, სადაც ავღანეთის თალიბანის მთავრობას „ღია ომი" გამოუცხადა.
„პაკისტანმა ყველა ღონე იხმარა სიტუაციის ნორმალიზებისთვის. ის სრულფასოვან დიპლომატიაში ჩაერთო. თუმცა ჩვენი მოთმინების ფიალა უკვე აივსო. ახლა ჩვენსა და თქვენს შორის ღია ომია", - დაწერა მინისტრმა.
მანამდე, „თალიბანის" პრესსპიკერმა იქს-ზე დაწერა, რომ მათ პაკისტანის ჯარებს განახლებული თავდასხმებით უპასუხეს - თუმცა პოსტი მოგვიანებით წაშალა.
პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე პაკისტანმა განაცხადა, რომ თალიბანის დარტმებს მისი ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ცნობისთვის, ოქტომბერში სასაზღვრო დავის გამო მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ორი ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა, თუმცა ბოლო დღეებში ბრძოლები კვლავ განახლდა.
ავღანეთის ეროვნული ტელევიზია იუწყება, რომ პაკისტანის საჰაერო დარტყმების შედეგად პაქტიკას პროვინციაში სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი და სკოლის ორი მოსწავლე დაიღუპა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საცხოვრებელ სახლზე ბომბის აფეთქების შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაიჭრა.
ავღანეთში მოქმედი თალიბანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ საპასუხო დარტყმები განახორციელეს პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებზე ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ამასთან, თალიბანის მთავრობის წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა ბიბისის უთხრა, რომ ავღანეთის ძალებმა გაანადგურეს პაკისტანის 19 სასაზღვრო პუნქტი და დააკავეს რამდენიმე პაკისტანელი ჯარისკაცი.
მან ასევე თქვა, რომ 50-ზე მეტი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
რაც შეეხება პაკისტანს, ის აცხადებს, რომ გაანადგურა ავღანელი თალიბების კუთვნილი 27 სასაზღვრო პუნქტი და თალიბანის ძალებს დიდი დანაკარგები მიაყენა.
შეფასებები
ჰამიდ კარზაიმ, რომელიც ავღანეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2002 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა, დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქაბულზე, ყანდაარსა და პაქტიაზე პაკისტანის საჰაერო დარტყმებს ეხმაურება.
„ავღანელები ყველა ვითარებაში სრული ერთიანობით დაიცავენ საყვარელ სამშობლოს და გაბედულად უპასუხებენ აგრესიას. პაკისტანმა „უნდა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა და აირჩიოს კეთილმეზობლობის, პატივისცემისა და ავღანეთთან ცივილიზებული ურთიერთობების გზა", - დაწერა მან.
კარზაი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ავღანელ პოლიტიკოსთაგან, რომლებიც ქვეყანაში 2021 წელს თალიბანის მიერ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცხოვრობენ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა კომენტარი გააკეთეს შექმნილ ვითარებაზე.
გუტერეშმა ორივე ქვეყანას მოუწოდა, მკაცრად დაიცვან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, განსაკუთრებული აქცენტით საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე.
უცხოელი ექსპერტები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ თალიბანმა პაკისტანთან ჩვეულებრივი ომი დაიწყოს, ვინაიდან
პაკისტანსა და ავღანეთის თალიბანს შორის სამხედრო შესაძლებლობებში მნიშვნელოვანი განსხვავებაა - პაკისტანს ბირთვული იარაღი აქვს, ავღანელ თალიბანს კი იგივე სამხედრო რესურსები არ გააჩნია და დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას.
ექსპერტების თქმით, სასაზღვრო შეტაკებების ვიდეოები იმაზე მიუთითებს, რომ თალიბანის ძალები პაკისტანის ძალების წინააღმდეგ ძირითადად მსუბუქ იარაღს იყენებდნენ. თუმცა, მათივე შეფასებით, თალიბანს პარტიზანულ ომში დიდი გამოცდილება აქვს.
ავღანეთის უსაფრთხოების ექსპერტმა BBC Urdu-ს განუცხადა, რომ თალიბანის და პაკისტანის ძალების შეტაკებების უმეტესობა პარტიზანულ ტაქტიკას მოიცავს, როგორიცაა მოულოდნელი თავდასხმები და გზისპირა ბომბების აფეთქება.
ამასთან, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ქვეყნის ძალებს „აქვთ სრული შესაძლებლობები, რათა გაანადგურონ ნებისმიერი აგრესიული ამბიცია".
„საყვარელი სამშობლოს დაცვასთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა არ იქნება და ყველა აგრესიას სათანადო პასუხი მოჰყვება", - თქვა მან.