თამთა ჩაჩანიძე
27.02.2026

ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საქართველოსთვის უვიზო მიმოზვლის შეჩრების მეორე ეტაპი დაიწყოს, რაც უკვე მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება. ამაზე საუბრობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოპოზიციისთვის გამოგზავნილ სპასუხო წერილში, იქვე ნათქვამია, რომ „ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მიმართ და კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მათ ევროპული მომავლისკენ მისწრაფებებს".

2025 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, გამარტივდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი. შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები".შეჩერების საწყისი პერიოდი 12 თვემდე გაგრძელდება, ნაცვლად მანამდე არსებული 9 თვისა, ხოლო გახანგრძლივების შესაძლებლობა 18 თვის ნაცვლად 24 თვე იქნება.

ამა წლის 11 თებერვალს ევროკავშირმა ახალი მექანიზმის ფარგლებში ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

ლაიენი ამავე წერილში ამბობს, რომ „ახალი წესების თანახმად, მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ აღმოფხვრის, ვიზების შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს".

ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის პრეზიენტს წერილი გასული წლის 22 სექტემბერს გაუგზავნა. პოლიტიკოსები ლაიენს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე უყვებიან და ზომების მიღებას სთხოვენ. წერილს ხელს აწერენ: ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. ლაიენის პასუხს კი „ევროსკოპი" ავრცელებს.

„ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს თავისუფლება, თავმოყვარეობა და სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ - ეს არის მთავარი, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება",- ამბობს „ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ლაიენის საპასუხო წერილზე.

რეალურია თუ არა უვიზო მიმოსვლის შეჩერება

ევროპული კვლევების ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ევროკავშირისგან დიდი ხანია გაფრთხილება მოწოდებულია და ევროკავშირს შეუძლია უვიზო მიმოსვლა ნებისმიერ დროს შეაჩეროს.

„ხალხი არანაირ ღირსებას და თავმოყვარეობას არ დაკარგავს, ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ამას ყოველთვის ინარჩუნებდა და კიდევ შეინარჩუნებს, მაგრამ, აი, ვინც ამაზე ბევრს ლაპარაკობს, მათ მე მგონი ეს ღირსება უკვე დაკარგეს. აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობა და ხელისუფლება ვალდებულებებს არ ასრულებს, რომელიც აღებული აქვს, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის და უვიზო მიმოსვლის მიღებისას. თუ თავმოყვარეობა და ღირსება აქვთ, შეასრულონ და ქართველი ხალხი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას არ დაკარგავს.

  • გოგოლაშვილი: „ევროკავშირს შეუძლია ეს ნებისმიერ დროს გააკეთოს. ასე რომ, ხალხი რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, დგას."

„უკვე დიდი ხანია გაფრთხილება მიწოდებულია და ამიტომ ევროკავშირს შეუძლია ეს ნებისმიერ დროს გააკეთოს. ასე რომ, ხალხი რისკის ქვეშ რა თქმა უნდა დგას. უვიზო მიმოსვლა უბრალო რამ არაა, ეს შველის იმაში, რომ მარტივად ჩადიან, ხანდახან დროებით სამსახურს შოულობენ, ზოგი რჩება კიდეც და რაღაცნაირად ეწყობა იქ. ძალიან ბევრი სამკურნალოდ დადის, პირდაპირ საავადმყოფოში მიდიან, იქ უფასოდ მკურნალობენ და ასევე უფასოდ ისეთ ოპერაციებს უკეთებენ 100-200 ათასი დოლარი რომ არ გეყოფა. ხელისუფლების უპასუხისმგებლობა არის იმის მიზეზი, რომ შესაძლოა ჩვენ ეს პრივილეგია დავკარგოთ",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

ვიზების დაბრუნებას ანალიტიკოსი პეტრე მამრაძეც არ გამორიცხავს.

„არაა გამორიცხული, ადრეც ვამბობდი, რომ შიგნით ევროპარლამენტსა და ევრობიუროკრატიაშიც კი არ იციან ხოლმე რას გააკეთებენ, რადგან აზრი დაყოფილია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოცემულ მომენტს - რა ვითარებაა. უკრაინას სამშვიდობოების დაყენებას ჰპირდებოდნენ და ახლა პუტინის განცხადების მერე, უკვე უკან დაიხიეს.

  • მამრაძე: „ევრობიუროკრატიაშიც კი არ იციან ხოლმე რას გააკეთებენ, რადგან აზრი დაყოფილია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოცემულ მომენტს - რა ვითარებაა".

„პროგნოზირება ყავაზე მარჩიელობას დაემსგავსა, მაგრამ დადგა ის მომენტი, რომ გამორიცხვა შეუძლებელია. ახლა ბრიტანული სანქციები ისევეა ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, როგორც ადრე, როცა აშშ-მ მოსამართლეები დაასანქცირა. ეკითხებოდნენ, რატომ ასანქცირებთ და რა ჩაიდინეს, ამას დღემდე არ აქვს პასუხი გაცემული. არადა საქართველოს მოსამართლეები, რომელთა საერთაშორისო რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის საკმაოდ ბევრი ქვეყნისა, არ ექვემდებარებოდნენ თბილისში ამერიკის საელჩოდან იმ ცნობილი პიროვნების ზარებს",- განაცხადა მან.

რა მოჰყვება უვიზო მიმოსვლის გაუქმებას

კახა გოგოლაშვილი ორ შესაძლო სცენარზე საუბრობს.

„ორი ვარიანტია - შეიძლება ამის გამო ხალხი უფრო გამოცოცხლდეს და პროტესტი გაიზარდოს, მაგრამ მეორეცაა, რომ შესაძლოა, მოსახლეობის დიდი ნაწილი პიიქით სასოწარკვეთაში მოექცეს, იფიქრებს, რომ არანაირი გამოსავალი არაა",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

პეტრე მამრაძე კი გვეუბნება, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას „ბევრი არაფერი" მოჰყვება.

„ამას მაშინათვე მოჰყვება „ნაცების" და მასთან ასოცირებული ანტიეროვნული დაჯგუფებების ყვირილი. მათგან ისიც ისმის, რომ რაკი ბრიტანეთმა იმედი და პისტივი დაასნაქცირა, საბანკო სისტემა ჩამოიშლება და ქვეყანაში კოლაფსი დადგება - ამაზე აბსურდული არაფერია. რა თქმა უნდა, მაშინათვე საპროტესტო აქციის მოწყობას შეეცდებიან, ყველაფერს გამოიყენებენ, რომ აი, ახალგაზრდებს მომავალი დაეკარგათ ამ უვიზოს გამო და ა.შ. ეს ყველაფერი სისულელეა. მრავალი წლის განმავლობაში მოქალაქეები ვიზით სარგებლობდნენ, მშვენივრად ჩადიოდნენ და სწავლოდბენ, ჩემი ქალიშვილიც ასე წავიდა 2013 წელს უპრობლემოდ",- განაცხადა მამრაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×