რეზონანსი
27.02.2026

ან დაამტკიცებს, რომ ირაკლი იხდიდა ფულს, საკუთარი ოჯახის წინააღდეგ სიბინძურეების მოგონებაში, ან დამტკიცდება, რომ ქვეყანას „ელისო კილაძე-2“ მოევლინა ნინო ჯღარკავას სახით, - სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, ნინო ჯღარკავას მიმართ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს და მის ბოლოდროინდელ პოზიციებს ეხმიანება. თამაზაშვილი წერს, რომ ცდილობდა გაერკვია, რა გახდა ჯღარკავას რიტორიკის ცვლილების მიზეზი, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და რამდენიმე ვერსიას ასახელებს, მათ შორის, პოლიტიკური კონიუნქტურისადმი მორგებას, ან ღარიბაშვილის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობას.

„ჩემთვის ძალიან მტკინვეულ თემაზე მიწევს სტატუსის დაწერა, რომელიც ნინო ჯღარკავას „ფერიცვალებას“ ეხება.. გარკვეული პერიოდი ვფიქრობდი, რომ ნინო შეცდომაში იყო შეყვანილი და ვეცადე გამერკვია, რა ხდებოდა რეალურად. პირადადაც მივწერე და საერთო ნაცნობების საშუალებითაც ვცადე გარკვევა. თუმცა უშედეგოდ. როდესაც პასუხებს ვერ იღებ, ბუნებრივია, იწყებ სხვადასხვა მიმართულებით ფიქრს და ცდილობ საკუთარი ანალიზით დაარქვა სახელი მოვლენებს. რამდენიმე ვერსია მაქვს.

პირველი: შესაძლებელია, ნინო თავად ცდილობს ახალ რეალობას „მოერგოს“ და თვლის, რომ ამის ყველაზე მოკლე გზა ირაკლისგან გამიჯვნაა - „თურმე, ვინ ყოფილა“ და „ეს რა მესმის“ რიტორიკის გამოყენებით; მეორე ვარიანტი:  შესაძლოა, ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ ირაკლისთვის დამაზიანებელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში ეფექტური იქნებოდა იმ ადამიანების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებაში აღქმულნი იყვნენ როგორც მისი „გულმხურვალე“ მხარდამჭერები.

რამდენადაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ნინოს დააჯერეს, ან თავადაც აწყობდა დაეჯერებინა, თითქოს, ირაკლი იყო ელისო კილაძის დამფინანსებელი!.. ანუ უნდათ ხალხი დააჯერონ იმაში, რომ ირაკლი თავად აფინანსებდა იმ ჭორებსა და სიბინძურეს, რასაც კილაძე წერდა და ავრცელებდა საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ…!

ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ელისო კილაძის დაჭერით გამოთავისუფლებული „ნიშის“ შევსებას ნინო ჯღარკავა გააზრებულად ცდილობს... ან დაამტკიცებს, რომ ირაკლი იხდიდა ფულს, საკუთარი ოჯახის წინააღდეგ სიბინძურეების მოგონებაში... ან დამტკიცდება, რომ ქვეყანას „ელისო კილაძე-2“ მოევლინა, ნინო ჯღარკავას სახით!“, - წერს თამაზაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×