რეზონანსი
01.03.2026

ბელგიამ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" კუთვნილი ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩვენი შეიარაღებული ძალები, საფრანგეთის თავდაცვის მხარდაჭერით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილ ნავთობტანკერზე ავიდნენ", - განაცხადა ფრანკენმა კვირას დილით X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამავე ცნობებით, გემი ამჟამად ზებრიუგეს პორტში გადაჰყავთ, სადაც მას ჩამოართმევენ.

ამასთან, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის" გარეშე პუტინს არ შეუძლია ომის წარმოება უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ.

„ამიტომ, ჩვენ ამ გემებს ერთმანეთის მიყოლებით ვაშორებთ. სანამ მისი აგრესიის ომი არ შეწყდება", - აღნიშნა ფრანკენმა და დასძინა, რომ ბელგია სერიოზულად ეკიდება თავის პასუხისმგებლობას.

ბელგიელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩამორთმეულ გემი „ეთერა" ევროკავშირის სანქციების სიაშია.

ფაქტს X-ზე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისთვის „დიდი დარტყმა" უწოდა.

„ჩრდილოეთის ზღვაში, საფრანგეთის საზღვაო ძალების ვერტმფრენები გუშინ ღამით ბელგიის ძალებს დაეხმარნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ ნავთობტანკერზე ასვლაში.

ევროპელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სანქციების აღსრულებით შეწყვიტონ რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყაროები უკრაინის წინააღმდეგ", - დაწერა მაკრონმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×