
ჩხუბი სკოლის მოსწავლე გოგონებს შორის - „პირველების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანს დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის, მარჯანიშვილის მეტროს წინ მოხდა. როგორც „ტვ პირველს“ თვითმხილველებმა უამბეს, ერთ-ერთმა გოგონამ მის თანატოლს ჯერ დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
მოსწავლე, რომელსაც დაზიანება აქვს მიყენებული, კლინიკაშია გადაყვანილი და ის ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
შსს-ში „ტვ პირველს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, უწყებას იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არა გოგონა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, თანატოლს ბლაგვი საგნით გაუსწორდა.