
ჩორჩანას საქმეზე სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო - დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობას დააყენებს.როგორც გიორგი გახარიას ადვოკატი, ბერდია სიჭინავა ამბობს, ჩორჩანას და 20 ივნისის საქმეს ერთი და იგივე მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლია განიხილავს. უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ეს ორივე საქმე გაერთიანდეს.
როგორც ბერდია სიჭინავამ პროცესის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანას საქმეში ვახტანგ გომელაურის და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, დევს ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ჩევენებაც.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ყველა ამ მაღალჩინოსანმა, ჩვენება სასამართლოსაც უნდა მისცენ - "აუცილებლად მოუწევთ მათ სასამართლო პროცესზე მობრძანება".
"ცალსახაა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას აქვს ადგილი, მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო. დღეს ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ აღნიშნული საქმე აწერია იმავე მოსამართლეს, რომელიც იხილავს 20 ივნისის საქმეს და შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს საქმეთა გაერთიანების საკითხიც.
ჩვენ გვექნება შუამდგომლობა, გიორგი გახარიას მიეცეს შესაძლებლობა ჩორჩანას საქმესთანდ აკაშირებით დისტანცირუად მიიღოს პროცესში მონაწილეობა, იმიტომ რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთს და ძებნილის სტატუსი არ არის გამონაკლისი შემთხვევა.
ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ ბრალდების მხარე რამდენიმეთვიან გამოძიებას აწარმოებდა. ამ საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გომელაურის, ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ყოფილი გუბერნატორის, დაზვერვის სამსახურის უფროსის, ფინანსთა მინისტრის და სხვა ადამიანების ჩვენებები, რომლებიც აქ მოვლენ. აუცილებლად მოუწევთ მათ სასამართლო პროცესზე მობრძანება და ახსნა სასამართლოსთვის, თუ სახელმწფიოს ეროვნული ინტერესები ირღვეოდა, თუ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ ადამიანებმა რატომ არ მოიწვიეს უსაფრთხოების საბჭო თავისი ინიციატივით. ბევრ კრიტიკულ კითხვაზე და იმ სიცრუეზე, რომელიც ჩვენი შეფასებით არსებობს ამ საქმეში, მათ ინფორმაციებში წარმოდგენილი, მოუწევთ კრიტიკული შეკითხვების მოსმენა და კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.