
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ტატა ხვედელიანი აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ არავითარ მნიშვნელოვან შეხვედრებზე არ შეგვიძლია ვისაუბროთ, აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ ნაბიჯების გადადგმა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დელეგაცია მაღალი რანგის თანამდებობის პირებით იქნებოდა დაკომპლექტებული.
„რა თქმა უნდა, კარგია რომ ეს შეხვედრები არის. ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი კი არა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები უნდა იყოს.
მაგალითად, ისეთი შეხვედრები, როგორიცაა სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც პირველი პირების დონეზე მიმდინარეობს მათ ქვეყნებზე საუბარი, მაშინ როცა ეს ჩვენი გვერდის ავლით ხდება.
5-6 წლის წინ, მაგალითად, გახარიას დროს, აშშ-ის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები ჩამოდიოდნენ საქართველოში და საუბრობდნენ საქართველოში მშვიდობაზე და საქართველოს სარგებელზე ამ პროცესში. ახლა გამოკიდება გვინდა სენატორებთან შეხვედრაზე.
რა თქმა უნდა, ეს შეხვედრები კარგია, თუმცა ძალიან დიდი პერსპექტივა გვქონდა, რომელიც დავკარგეთ. დავკარგეთ იმიტომ რომ „ოცნება“ გვყავს მთავრობაში“, - ფიქრობს ხვედელიანი.