რეზონანსი
04.03.2026

დღეს ნავთობის მსოფლიო ფასები კვლავ გაიზარდა, რადგან ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხებას იწვევს. თუმცა წინა სესიებთან შედარებით ზრდა მას შემდეგ შენელდა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს ესკორტით უზრუნველყოფენ. ამის შესახებ Reuters წერს.

თბილისის დროით 15:02 საათისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1.25%-ით გაიზარდა და ბარელზე 82.42 დოლარი შეადგინა, ხოლო ჩრდილო-ამერიკული WTI-ის ნავთობის ფიუჩერსებმა ბარელზე 0.74%-ით, 75.11 დოლარამდე მოიმატა. გუშინდელ ვაჭრობაზე საორიენტაციო ფასები, ანუ ბენჩმარკები 2025 წლის იანვრისა და ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზე დაიხურა და ორი სესიის განმავლობაში, დაახლოებით, 5%-ით ან მეტად გაიზარდა.

OPEC-ის მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა ქვეყანა ერაყმა ნავთობმოპოვება დღეში, თითქმის, 1.5 მლნ ბარელით შეამცირა ანუ გაანახევრა, რისი მიზეზიც შენახვის შეზღუდული შესაძლებლობები და საექსპორტო მარშრუტების ნაკლებობაა. მეტიც, Reuters-ის ცნობით, თუ ექსპორტი არ განახლდება, ბაღდადი თითქმის, 3 მლნ ბარელის დღიურ წარმოებას რამდენიმე დღეში შეაჩერებს.

რაც შეეხება გაზს, კვირის პირველ დღეებში მკვეთრი ზრდის შემდეგ დღეს ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში გაზის საბითუმო ფასები დაეცა. თუმცა, ის შესაძლოა, ცვალებადი დარჩეს, რადგან ბაზარი ცდილობს, განსაზღვროს, რამდენ ხანს გაგრძელდება კატარიდან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება.

თბილისის დროით 15:07 საათისთვის ნიდერლანდურ ჰაბ TTF-ზე გაზის ფიუჩერსები 6.85%-ით დაეცა და მეგავატ/საათზე 50.3 ევრო შეადგინა, მაშინ, როცა გუშინდელი დღის მაქსიმუმი მეგავატ/საათზე 65.79 ევროს შეადგენდა, რაც 2023 წლის იანვრიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. დიდი ბრიტანეთის გაზის ფიუჩერსები მომდევნო თვის მიწოდებისთვის 9.59%-ით დაეცა და თერმში 143.8 პენსი შეადგინა.

გაზის ბაზარი კატარში თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების შეჩერებამ შეარყია. S&P Global Energy-ის პროგნოზით, წელს ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გამავალი თხევადი ბუნებრივი აირის ტვირთმა გლობალური მიწოდების, დაახლოებით, 17%, ანუ დღეში 337 მლნ კუბურ მეტრამდე უნდა შეადგინოს. ამ მოცულობიდან, კომპანიის გათვლებით, მყიდველებს დღეში, დაახლოებით, 170 მლნ კუბური მეტრი მიეწოდება, მაგრამ მათ გლობალურ სპოტ-ბაზრებზე ან არსებული გრძელვადიანი კონტრაქტებით ჩანაცვლებითი ტვირთის ძებნა დაუყოვნებლივ მოუწევთ.

S&P Global Energy-ის შეფასებით, წელს კატარიდან იმპორტში ევროპის მოსალოდნელი წილი, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს აცნობა, რომ ირანში კონფლიქტის შედეგად ბუნებრივი აირის მიწოდებაში უშუალო საფრთხეს ვერ ხედავს და ამჟამად ეროვნულ ან ევროკავშირის დონეზე საპასუხო ზომების მიღებას არ გეგმავს.

Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, ევროკავშირის გაზის საცავები 29.9%-ით არის შევსებული, ხოლო მათგან მოცულობის გატანა თბილი ამინდების გამო შემცირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×