
დეფოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად, მამაკაცი დაიწვა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 42 წლის კაცმა, საკუთარ ბინაში კუსტარული გამათბობელი თვითნებურად დაამონტაჟა.
არასწორი მონტაჟისა და ექსპლოატაციის შედეგად, ღუმელი აფეთქდა და დაშავებული, მძიმე დაზიანებებით, ჯერ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, დაზარალებულს სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, კაცს შეშის ღუმელში ჰქონდა გაზის მილი შეყვანილი. ღამე ცეცხლი ჩამქრალა და გაზი დაგროვდა. დილით რომ ამდგარა, სიგარეტისთვის მოუკიდებია და სახლი მაშინვე აფეთქდა და ცეცხლმოკიდებული გარეთ გამოუგდია აფეთქების ტალღას.