რეზონანსი
04.03.2026

"ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო" - ამ ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. სწორედ საქართველო-სომხეთის მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი, ხალხთა შორის ისტორიული მეგობრობაა. უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად კი, რეგიონში სტაბილური გარემოს შენარჩუნებას ალტერნატივა არ აქვს.

როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, თანამშრომლობის კუთხით არსებულ და მაქსიმალურად ასათვისებელ პოტენციალზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა საერთო ინტერესების მქონე ერთობლივი პროექტების მნიშვნელობა, ირაკლი კობახიძესთან ერთად, პირისპირ შეხვედრის ფორმატშიც განიხილა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ნიკოლ ფაშინიანმა განსაკუთრებულად გადაუხადა მადლობა ქართველ კოლეგას სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და კავშირების აღდგენის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, განათლება, კულტურა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმი - სექტორულ დონეზე მზარდი თანამშრომლობა განსახილველ საკითხებს შორის იყო. სხდომის შემდეგ ხელი მოეწერა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს.

რა როლი აქვს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს კონტინენტზე დაკავშირებადობის მზარდი მოთხოვნილების კონტექსტში და რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება მთავრობათაშორისი ურთიერთ-ვიზიტების ფორმატში? აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა საქართველოში სომხეთის დელეგაციის ვიზიტი შეაფასეს.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თბილისს გუშინ ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე, მთავრობის გუნდთან ერთად ბოდბეში უმასპინძლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×