რეზონანსი
04.03.2026

"წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, მოშლილია. ის, რაზეც საუბარი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არსებობს რაღაც ჩარჩო, ეს ჩარჩო რეალურად აღარ არსებობს," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას, ირანში და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოში ომის დაწყება ძალიან ადვილია, კონფლიქტის მიზეზები ყოველთვის არსებობს, თუმცა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახერხებს, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს.

ამასთან, მისი თქმით, ის, რაც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, აუცილებლად ეხება საქართველოსაც.

"საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ ისედაც დგას დიდი, ძლიერი სახელმწიფოებისთვის, ეს ჩარჩო რამდენად არსებობდა ოდესმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ვხედავთ, რომ ასეთი წესრიგი აღარ არის. ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა ერთ რამეს გვაჩვენებს, როცა საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ დავინახეთ ის ჭეშმარიტება, რაც კაცობრიობის ისტორიას ყოველთვის მოსდევდა - მშვიდობა არის უფრო გამონაკლისი, ვიდრე წესი და, როგორც ჩანს, ომი, კონფლიქტი არის უფრო ბუნებრივი მდგომარეობა, ვიდრე მშვიდობა. ამიტომ, მშვიდობას სჭირდება სწორედ ძალისხმევა და არა ომს. ომის დაწყება ძალიან ადვილია, კონფლიქტის მიზეზები ყოველთვის არსებობს, მათ შორის, ვხედავთ, რომ პარტნიორებიც კი, დღეს ერთმანეთთან კინკლაობენ. ასე, რომ არაფერი არ არის ომის დაწყებაზე ადვილი, რთული არის მშვიდობა. სწორედ ეს არის, ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს, მაშინ როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში.

ის, რაც ეხება რეგიონს, გვეხება ჩვენც. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ამ ესკალაციაში, რომელსაც აქვს ყველა პოტენციალი, რომ გადაიზარდოს რეგიონულ ომში, უკვე ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო. მათ შორის, სახელმწიფოები, რომლებიც პირდაპირ არ მონაწილეობდნენ თავდაპირველ ქმედებებში, ასე რომ პირდაპირ თუ ირიბად, ეს კონფლიქტი რეგიონის ყველა ქვეყანას ეხება. საქართველოსთვისაც ეს შეშფოთების საგანია და სწორედ ამას ეხებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ყველა სადავო საკითხი დიპლომატიურ კალაპოტში და ასე გადაწყდეს ყველა საკითხი, ვინაიდან ომს და, განსაკუთრებით ამ რეგიონში აქვს ყველანაირი პოტენციალი, რომ გადაიზარდოს სრულმასშტაბიან, ფართო, რეგიონულ ომში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×