
ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის და მათ ისტერიკას იწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.
„შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელია, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველომ ვერ უნდა ამოისუნთქოს, ვერ უნდა გაიხაროს იქამდე, ვიდრე იუკნევიჩიანესა და მარტა კოსს გარკვეული პრობლემები აქვთ. ამ ყველაფერს ცივსისხლიანად უნდა შევხედოთ, მათ თავისი ინტერესი აქვთ. მათი ინტერესია, როგორმე რუსეთის აგრესია, მათ შორის საქართველოს მიმართულებით იყოს დივერსიფირებული. ჩვენი ინტერესია, ეს არ დავუშვათ და ინტერესთა ჯახი იწვევს ამ ისტერიკას. ინტერესების დაპირისპირებაში საღი პოლიტიკური ძალა იმარჯვებს. ამ ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. როგორც სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დაადასტურა მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა.