რეზონანსი
05.03.2026

ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება უცხო ქვეყნების დაკვეთების შემსრულებელი იყო. მისთვის მიუღებელია მართმადიდებლობა, ტრადიციები, სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ერთი სული აქვს, რამენაირად, აქაც ვინმემ რაიმე ჩამოაგდოს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

„როგორ უნდა გძულდეს ეს ქვეყანა და ხალხი, რომ ასეთი განცხადება გააკეთო მაშინ, როცა რეგიონში, საქართველოს ირგვლივ ცეცხლია, მსოფლიო გადანაწილება მიმდინარეობს და პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობას ვინარჩუნებთ. ხედავთ, რკალი როგორ ახლოვდება და ამ დროს ვინ აკეთებს განცხადებას? – თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ინფორმაცია რომ გქონდეს, თუ ქვეყნის მოყვარული და პატრიოტი ხარ, შესაბამის უწყებებთან მიდი. თავდაცვის მინისტრი ერქვა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ სიცრუეს ავრცელებს. უნივერსიტეტს ლიცენზია არ სჭირდება, გაცემულია? – არ არის გაცემული. რა დონეზე უნდა სძულდეს ქვეყანა, რომ ამას მოაწეროს ხელი? ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება უცხო ქვეყნების დაკვეთების შემსრულებელი იყო. მისთვის მიუღებელია მართლმადიდებლობა, ტრადიციები, სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ერთი სული აქვს, რამენაირად, აქაც ვინმემ რაიმე ჩამოაგდოს. ჰგონიათ, ამ ქაოსში ხელისუფლებაში მოვლენ. მისი განცხადებაც ამას უკავშირდება, თორემ, განა, არ იცის, რომ სიცრუე და სიგიჟეა, რასაც ამბობს. ტაივანიდან რომ დაგაფინანსებენ, ხმას ამოიღებ, რაზე უნდა ელაპარაკო? – ეს არის საბოტაჟი და მოქმედება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×