რეზონანსი
06.03.2026

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ერთკვირიანი ომის პარალელურად, საქართველო საინფორმაციო შტურმის სამიზნე გახდა. გიორგი კანდელაკი ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების ფონზე ამტკიცებს, რომ თითქოს საქართველოში ირანის გავლენები გაფართოვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენელი „ჰადსონის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მთავარი ავტორია, ამავე ინსტიტუტის უფროს-მეცნიერ ლუკ კოფთან ერთად.

დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია, რაც მიუთითებს, რომ მისი მომზადება დიდი ხნის წინ დაიწყეს, თუმცა მხოლოდ ახლა გაასაჯაროვეს. „ქართულ ოცნებას“ არც დროში დამთხვევის სჯერა და, არც ოპონენტების დამოუკიდებელი საქმიანობის. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ წინასწარ გამზადებული და მოგვიანებით გამოქვეყნებული ეს კვლევაც ადასტურებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული კამპანია, რომლის მიზანიც, რეგიონში არსებული დაძაბულობის პარალელურად, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა.

კვლევაში საქართველო სწორედ ამერიკის ყოფილ მოკავშირედ არის მოხსენიებული. მასში წერია, რომ ქვეყანა, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რეგიონში შეერთებული შტატების ყველაზე საიმედო პარტნიორი იყო, თუმცა ამჟამად ის „სხვა მიმართულებით მოძრაობს“ და ირანი საკუთარ გავლენებს გეგმაზომიერად და ორგანიზებულად ავრცელებს. როდის დაიწყო კვლევაზე მუშაობა და რატომ გამოქვეყნდა ახლა, როდესაც რეგიონში ომია? - „კურიერი“ დილიდან ცდილობს ამ შეკითხვებზე გიორგი კანდელაკისგან პასუხების მიღებას, თუმცა ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც შეტყობინებებს. ყოფილ თანაგუნდელს ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობაც“, თუმცა სააკაშვილის პარტიაში არ უარყოფენ, რომ მსგავსი შინაარსის კვლევას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. დოკუმენტის გამოქვეყნების დროც რომ სენსიტიურია, ამას ოპოზიციაშიც ადასტურებენ.

დეზინფორმაციული შტურმი გეოპოლიტიკური დაპირისპირების პარალელურად - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ნებისმიერ ფასად ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე. უმრავლესობაში იხსენებენ, რომ სწორედ გიორგი კანდელაკი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ის წარმომადგენელი, რომელიც თავის დროზე ხელს უშლიდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი - „ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი მისგან გამოყოფილი „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრია. სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით გახდა გიორგი კანდელაკი „ჰადსონის უნივერსიტეტის“ კვლევის ავტორი, რომელიც 3 მარტს გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×