„ოპოზიციის ალიანსი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპროტესტო ჯგუფებთან შეხვედრას მართავს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, სამოქალაქო საზოგადოება და საპროტესტო ჯგუფი არის ძალა, ვინც ამაგრებს პროტესტს.
გვარამიას განცხადებით, აპირებენ ამ ადამიანებთან ერთად მიიღონ გადაწყვეტილება, რა არის სწორი და რა შეიძლება იყოს არასწორი.
„მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისინი, ვინც თავისი დგომით ამაგრებს ამ პროტესტს, არამედ გადაწყვეტილებებით, შრომით და საორგანიზაციო უნარებითაც. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია პროტესტი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გავხადოთ და ამისთვის ბევრი რამის გაკეთება, რადგან შეგვიძლია ე.ი. უნდა გავაკეთოთ და პასუხისმგებლობაც არის ეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამაში გარკვეულწილად, გვჭირდება გზამკვლევი და ამ ხალხზე უკეთესი გზამკვლევი არავინ არის. ბევრ რამეს ვაპირებთ კიდევ, სხვას და ამიტომ გვინდა, რომ ამ ხალხთან ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, რა არის სწორი, რა შეიძლება იყოს არასწორი, რა ჯობია იმ ტაქტებით გაკეთდეს, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ან შეიძლება სხვა ტაქტიკით. მოკლედ, ეს არის დიალოგი იმ ხალხთან, ვინც ყველაზე უკეთესი მრჩეველიც და ყველაზე უკეთესი განმახორციელებელი ამ ყველაფრის, ყოველ შემთხვევაში, აქამდე დანამდვილებით ასე იყო. ახლა, ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებს მეტის გაკეთების შესაძლებლობაც და ვალდებულებაც გვაქვს და ეს უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.