
ნორვეგიაში, ოსლოში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი პოლიციისა და თვითმხილველების განცხადებებზე დაყრდნობით წერს.
აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა იმ რაიონში, სადაც ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა მდებარეობს. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს გაისმა ძლიერი ხმა და გავრცელდა სქელი კვამლი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ.
ოსლოს პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება საელჩოს საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, დაზიანებულია შენობის შესასვლელი.
ოსლოს პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების, დრონებისა და ვერტმფრენის გამოყენებით შესაძლო დამნაშავეების დასადგენად.
სამართალდამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნულ რაიონში სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოჩენილი არ არის.
ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მედიის ცნობით, პოლიცია საელჩოს შენობაში იმყოფება და თანამშრომლებთან კავშირს ინარჩუნებს.
ამასთან, პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ჯერ ძალიან ადრეა“ აფეთქების დაკავშირება აშშ-ისა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტთან და ამ ეტაპზე ასეთი კავშირის დამადასტურებელი ნიშნები არ არსებობს.