
ლევან მაჭავარიანი ფილმის სიუჟეტს ადარებს კადრებს, სადაც ჩანს როგორ გააპარეს ელჩის მანქანით ნინო ლომჯარია გერმანიის საელჩოს შენობიდან. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს განიხილავდნენ.
„ძალიან სამარცხვინოა, რა დონემდე დაეცა გერმანიის ელჩი, როდესაც სპეცოპერაციებს ატარებს და უწევს ლომჯარიას გაპარება თავისი საელჩოდან. დაახლოებით 1 კვირის წინ ჰქონდა ფარული შეხვედრა კაპიტან გიგაურათან. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მდიდარი „ენჯეოები“ დაკავებულები არიან იმით, რომ რაღაცნაირად ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს საქართველოს.
ფილმის სიუჟეტს ჰგავდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არაჯანსაღი დისკუსია ჰქონდათ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას ეხებოდა ეს შეხვედრა, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, - აცხადებს მაჭავარიანი.
„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს ყოფილი სახალხო დამცველის გადამალვის ფაქტი, სადაც ჩანს გერმანიის ელჩის მანქანა და ლომჯარიას ავტომობილი, ასევე ისიც, თუ როგორ ცვლიან ადგილებს საელჩოს თანამშრომელი და ლომჯარია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გერმანიის საელჩოში გამართულ ფარულ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი განიხილებოდა. საელჩო და ლომჯარია „ქრონიკის“ კითხვებს მესამე დღეა, არ პასუხობენ.