
სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც დაიბარეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, კაპანაძე უწყებაში 16:00 საათზეა დაბარებული.
ამავე საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" წევრი, გიორგი კანდელაკი.
ცნობისთვის, სუს-ში გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.