
ნამდვილად არ ვიცი, რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა, მაგრამ როდესაც შეხვედრა ასეთი კონსპირაციის პირობებში ხდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ტელეკომპანია „იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, დამაჯერებლად ჟღერს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოში გამართული შეხვედრის შესახებ.
მისი თქმით, ნინო ლომჯარია არის უცხო ძალების მხრიდან დავალებების მიმღები და აგენტურას სხვანაირად მოქმედება არ შეუძლია.
„ლომჯარია სანამ სასამართლოში წავა ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სარჩელის შესატანად, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი? კიდევ ფიქრობს, რომ ჩვენს სახლებზე ცხელი ბომბების წვიმა გაცილებით ნაკლებ მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარის თქმა, იმ სანქციებზე, რომელთა მიღება საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევდა და რუსეთთან ომში ჩაბმასაც ძალიან რეალურს გახდიდა?
საინტერესოა, დღესაც ფიქრობს, რომ სწორედ ის არის ჩვენი შეშველება ომში მყოფი რომელიმე ქვეყნისადმი, რომ რამდენიმე ცხელი ბომბი ავაცილოთ იმ ქვეყანას იმით, რომ ეს ბომბები ჩვენი სამშობლოსკენ გადმოვამისამართოთ, დავანგრიოთ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დაიხოცონ ჩვენი მოქალაქეები. და ბოლოს, საინტერესო იქნება გავიგოთ მისი აზრი, როდესაც ადამიანი ცხელი ბომბების წვიმას ნატრობს საქართველოში, ეს არის თუ არა ქვეყნის მტრობა?
აი, ამ კითხვებზე პასუხის მიღება იქნებოდა საინტერესო ნინო ლომჯარიასგან და არა სასამართლოში სირბილი „იმედის" წინააღმდეგ.
რაც შეეხება მის ვიზიტს გერმანიის ელჩთან - პეტერ ფიშერი ხშირად აკეთებს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ მტრულ განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ხოლმე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არის უდიდესი ევროპული ქვეყნის ელჩი და როდესაც მას ხვდება ქართველი პოლიტიკოსი ან „ენჯეოშნიკი", წესით დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეთ. მაგრამ როცა შეხვედრა ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, რისი დასტურიც არის ჯერ შეხვედრის ფაქტის დამალვა, შემდეგ უკანა კარიდან გაპარვა, საელჩოს შენობიდან საელჩოსავე მანქანით გამოპარვა და შემდეგ სხვა ტერიტორიაზე გადაჯდომა საკუთარ მანქანაში, ბუნებრივია, ქართულ საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ეს შეხვედრა ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხზე არ უნდა ყოფილიყო.
ნამდვილად არ ვიცი, რაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა, მაგრამ როდესაც შეხვედრა ასეთი კონსპირაციის პირობებში ხდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ტელეკომპანია „იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმება, დამაჯერებლად ჟღერს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ უამრავი დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, წლების განმავლობაში როგორ ცდილობდნენ ქართველი რადიკალი ოპოზიციონერები ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში, რომ მათ დაესანქცირებინათ საქართველო და ქართველი ხალხი. მათ ჰგონიათ, რომ რაც უფრო ცუდად იქნება ქართველი ხალხი, მით მეტი მხარდამჭერი ეყოლებათ მათ. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ისინი იღებენ დავალებებს და არიან ამ დავალებების შემსრულებლები - აგენტურა სხვანაირად ვერ მოქმედებს," - განაცხადა სოზარ სუბარმა.