
პრეზიდენტი ზელენსკი სხვადასხვა თეორიას გვთავაზობს იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ აღწევს ნავთობი უნგრეთამდე. იანვრის ბოლოს, რუსული იერიშისას უკრაინაში მდებარე სადგური, კიევის მტკიცებით, საგრძნობლად დაზიანდა. ჩვენ ვიცით რომ ეს ტყუილია. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იყო თავდასხმა ნავთობსადენის მომსახურე ერთ-ერთ სადგურზე, ჩვენ გვაქვს სატელიტური მასალა, რომელიც პრემიერმა ორბანმა გაასაჯაროვა, ამ მასალით კი დასტურდება, რომ იერიშის შედეგად ნავთობსადენი არ დაზიანებულა, აფეთქება მის ახლოსაც კი არ ყოფილა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ უკრაინის მიერ მილსადენ „დრუჟბას" გადაკეტვისა და უნგრეთთან დაპირისპირების შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს თუ არაფერი აქვს დასამალი, მათ პირიქით, უნდა სურდეთ ინსპექტირების ჩატარება. ომის 4 წლის განმავლობაში ნავთობსადენი სულ მცირე 20-ჯერ დაზიანდა და შეკეთება ყოველთვის ხერხდებოდა, ახლა კი, წინასაარჩევნოდ, რატომღაც ვერ ხერხდება.
„ძალიან უხერხული დამთხვევაა, რომ ნავთობის მიღების ხაზი შეფერხებულია წინასაარჩევნოდ. ოპოზიცია კი უნგრეთის ინტერესებზე არაფერს ამბობს. ჩუმად არიან იმაზე, თუ რა იღონოს ქვეყანამ ამ რთულ მომენტში. თავს იკატუნებენ, თითქოს არავითარი ომი არ არის და ხელისუფლება მხოლოდ შიშის დათესვას ცდილობს. ზელენსკის იმედი აქვს, რომ ეკონომიკური ქაოსით მომავალ არჩევნებში ჩვენს მოწინააღმდეგეებს დაეხმარება.
დიდი ჩარევა ვიხილეთ 2022 წლის არჩევნებშიც, სწორედ ჯორჯ სოროსი აფინანსებდა მემარცხენეთა საარჩევნო კამპანიას. ბაიდენის ადმინისტრაცია კი USAID-ის, NED-ისა და სხვადასხვა გრანტების მეშვეობით განაგრძობდა ჩარევას. ეს პოლიტიკა გადაიხედა დონალდ ტრამპის პირობებში - სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ USAID-ის მიერ ამ თანხების უნგრეთში გახარჯვა გაასაჯაროვა, რომ ეს უნგრეთის წინააღმდეგ მემარცხენე იდეოლოგიის გავრცელებას ემსახურებოდა. ახლაც სახეზეა ბრიუსელიდან შიდა საქმეებში ჩარევა", - აღნიშნა ლასლომ.