
იტალიური მედია სკანდალური საქმის დეტალებზე წერს, რომელიც საქართველოს უკავშირდება - ჩივასოს რაიონში, ერთ-ერთ ფერმაში 2 წლის გოგონა იპოვეს 55 წლის მამაკაცთან ერთად, რომელიც ბავშვის მამად აცხადებდა თავს. გამოძიება მას მერე დაიწყო, რაც დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მამაკაცს ბავშვთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ ჰქონდა.
ადგილობრივი მედია, წერს საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზე და უკვე ბევრი რამ გაირკვა. მათ შორის ისიც, რომ გოგონა მამაკაცმა 2023 წელს, თბილისიდან ჩაიყვანა.
ბრალდებულია ვეროლენგოს მცხოვრები, უმუშევარი მამაკაცი, რომელიც წარსულში ცნობილ ქარხანა Thyssenkrupp-ში მუშაობდა.
იტალიური მედიის თანახმად, მოვლენების ქრონოლოგია ასეთია:
2023 წლის 20 ივნისი: თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში დაიბადა გოგონა, სახელად ნიკოლი. მისი ბიოლოგიური დედა 39 წლის ყაზახი ქალია, რომელიც მშობიარობის შემდეგ მალავე გაუჩინარდა. სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდა.
2023 წლის 11 ივლისი: მამაკაცი თბილისში იტალიის საელჩოში ჩვილით ხელში გამოცხადდა. მან წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დედა მას სრულ ნდობას უცხადებდა და ბავშვის იტალიაში წაყვანის უფლებას აძლევდა. საელჩოში მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა თავად იყო. სწორედ ამ განცხადების საფუძველზე მისცეს ბავშვს იტალიაში შესვლის უფლება.
დნმ-ის ტესტი და მხილება
ეჭვი საქართველოში იტალიის საელჩომ შეიტანა, რის შემდეგაც საქმეში ივრეას პროკურატურა ჩაერთო. პროკურორმა ჯულია ნიკოდემიმ მამაკაცს დნმ-ის ტესტის ნებაყოფლობით ჩატარება სთხოვა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. საბოლოოდ, ტესტი სასამართლოს განჩინებით, იძულებით ჩატარდა. შედეგი ცალსახა იყო: მამაკაცი ნიკოლის მამა არ არის.
ჩვილის გაყიდვის საქმე
პროკურატურა, გაბრიელა ვილიონეს ხელმძღვანელობით, ამჟამად "სამოქალაქო მდგომარეობის გაყალბების" მუხლით მუშაობს, თუმცა საქმეში ფიგურირებს გაცილებით მძიმე მუხლიც - ბავშვებით ვაჭრობა.
გამოძიების ხელთ არსებული ფაქტები ბევრ კითხვას აჩენს:
არავითარი კავშირი: მამაკაცის ტელეფონსა და კომპიუტერში არ მოიძებნა დედასთან კონტაქტის არანაირი კვალი - არც შეტყობინებები, არც ერთობლივი ფოტოები.
გამოგონილი ისტორია: ბრალდებული ამბობდა, რომ ქალი კვიპროსზე დასვენებისას გაიცნო, თუმცა მისი მოგზაურობის ისტორია ამ ვერსიას არ ადასტურებს.
ფინანსური გაურკვევლობა: უმუშევარი მამაკაცი ამტკიცებს, რომ ბავშვის შენახვა მამისგან დატოვებული მემკვიდრეობით შეეძლო.
გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა ბავშვი აღსაზრდელად თბილისში იყიდა ბავშვის დედისგან, თუმცა გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს.
სად არის ახლა პატარა ნიკოლი?
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ბავშვს მზრუნველობას არ აკლებდა და გოგონა კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იპოვეს, კანონის წინაშე ის უცხო პირია. ნიკოლი ახლა 2.5 წლისაა. ტურინის არასრულწლოვანთა სასამართლომ მას უკვე შეურჩია შვილად აყვანის მსურველი ოჯახი.
რაც შეეხება ბიოლოგიურ დედას, იტალიელმა სამართალდამცველებმა ყაზახეთში, ჟამბილის რეგიონში მისი საცხოვრებელი მისამართი დაადგინეს, თუმცა ის იქ არ აღმოჩნდა, შესაბამისად, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ამ თემაზე ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ საკითხს მოიძიებენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
სტატია მომზადებულია იტალიურ წყაროზე დაყრდნობით.
ambebi.ge