რეზონანსი
11.03.2026

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში, ომის გამო, ყოველდღიურად ტურისტული ინდუსტრია 600 მილიონ დოლარს კარგავს. ათასობით დამსვენებელმა მოგზაურობა გააუქმა მას შემდეგ, რაც ისეთი ქალაქები, როგორიცაა დუბაი, ირანული დრონების სამიზნედ იქცა. გამოცვემა წერს, რომ რეისების გაუქმება, საჰაერო სივრცის დახურვა და პოტენციურ მოგზაურებს შორის მზარდი შეშფოთება ნეგატიურად მოქმედებს რეგიონის ტურისტულ ეკონომიკაზე მას შემდეგ, რაც თეირანმა სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმა განახორციელა.

„შეფერხებების მოკლე პერიოდებმაც, შესაძლოა, მთელ რეგიონში ტურისტული მიმართულებებისთვის, მრეწველობისთვის და დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვიოს“, - ციტირებს გამოცემა მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტს, გლორია გევარას.

გამოცემის ცნობით, 6 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ დუბაიში 80 ათასი ჯავშანი გაუქმდა. კონფლიქტის დაწყებამდე მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭო პროგნოზირებდა, რომ წელს საერთაშორისო მოგზაურებს ახლო აღმოსავლეთში 207 მილიარდი დოლარი უნდა დაეხარჯათ. ისეთი ქალაქები, როგორიცაა დუბაი, ყვავოდნენ, ადამიანებს სთავაზობდნენ ფუფუნებას, მზეს და მშვიდობას. თუმცა, მსოფლიოს რამდენიმე ფეშენებელური სასტუმრო კონფლიქტში გაეხვია. რაკეტების ნაწილები ეცემოდა დუბაის ბურჯ-ალ-არაბზე. დაზიანდა პალმა ჯუმეირაზე განლაგებული სასტუმროც.

მსხვილმა რეგიონულმა ჰაბებმა: აბუ-დაბიმ, დუბაიმა, დოჰამ და ბაჰრეინმა, რომლებიც დღეში ნახევარ მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურებიან, რეისები გააუქმეს, რის გამოც ხუთ დღეში დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს პრობლემები შეექმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×