რეზონანსი
11.03.2026

რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილს სუს-ის ხელმძღვანელობის დროს მასთან კითხვები ჰქონდა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ამ წუთებში ჩვენებას აძლევს, სასამართლოს უყვება, თუ რა სახის  ურთიერთობა ჰქონდა მას სუს-ის ყოფილ შეფთან - ამბობს, რომ ლილუაშვილთან არასდროს უმეგობირა, რასაც მისი თქმით, ვერ იტყვის ირაკლი ღარიბაშვილზე.

ბრალდებული მაღალჩინოსანის განცხადებით, ღარიბაშვილთან გაცნობის დღიდან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, აქვს და აპირებს, რომ ეს მეგობრობა მომავალშიც გააგრძელოს. 

მეგობრად მოიხსენია მიქაუტაძემ ასევე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილიც. 

"ირაკლი ღარიბაშვილი ჩემმა მეუღლემ გამაცნო, იყო ჩემი მეგობარი იყო, არის ჩემი მეგობარი და იმედია მომავალშიც გავაგრძელებთ თუ მოგვეცემა საშუალება. რაც შეეხება ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს, მე ლილუაშვილთან არასდროს მიმეგობრია, არც დღესაა ჩემი მეგობარი და არც მომავალშიც დიდი ალბათობით არ იქნება.

ის ახლა ციხეშია და თავისუფლებას ვუსურვებ, ეს ადამიანური მომენტია, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე, გარკვეულ საკითხებში,  სადაც იგი იღებდა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში, რა თქმა უნდა ურთიერთობა მქონდა და არა ხშირი. მაგრამ როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როცა სუს-ის უფროსი დაგისვამს კითხვას, ვალდებული ხარ რომ უპასუხო. ან თუ გეტყვის, რომ რაღაცა მაინტერესებს, უნდა უთხრა. ასე იყო ადრე, ასეა დღესაც. თუ ხვალ მკითხავენ იმ ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მე ჩემს ქვეყანას ვარგე, შემიძლია დეტალურად ვუთხრა, რა ვარგე და როდის.

რაც შეეხებ ლევან დავითაშვილს, ბატონ ლევანთან ვიმუშავე ორი წელი, შესაბამისად უფრო ინტენსიური ურთიერთობა მქონდა მასთან.  მქონდა მეგობრული ურთიერობა. მას ყოველდღირუად ვხდებოდი და შემიძლია ვთქვა, რომ დავითაშვილთან ნორმალური, მეგობრული ურთეირთობა მაქვს", - განაცხადა მიქაუტაძემ. 

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×