რეზონანსი
11.03.2026

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის, ჯანო ჭკადუა განცხადება, თითქოს მენთეშაშვილი შიმშილობის შეწყვეტის მიზნით ზეწოლის გამო კარცერში გადაიყვანეს და არაადამიანურ პირობებში იმყოფება, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, მას შემდეგ რაც მენთეშაშვილმა 2025 წლის 6 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა, შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით ის თავდაპირველად სხვა მოშიმშილე პატიმრებთან ერთად მოათავსეს. თუმცა, რადგან იგი ჩვეულებრივ იღებდა საკვებს და სარგებლობდა დაწესებულების მაღაზიით, მისი იქ დარჩენა შეუძლებელი გახდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ვიდეომასალის გასაჯაროებასაც გეგმავენ, სადაც, მათი თქმით, ჩანს პატიმრებს შორის კონფლიქტი და ასევე კადრები, სადაც ისინი საკვებს იღებენ. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიუხედავად გამოცხადებული შიმშილობისა, ზურაბ მენთეშაშვილი და ზურაბ ჭავჭანიძე სრულფასოვნად იკვებებიან როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებული, ასევე მაღაზიაში შეძენილი პროდუქტით, რასაც შესაბამისი დოკუმენტაციაც ადასტურებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილობის შეწყვეტის მიზნით ზეწოლის გამო გადაყვანილ იქნა კარცერში, სადაც ის იმყოფება არაადამიანურ პირობებში.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი არ იმყოფება სამარტოო საკანში (ე.წ კარცერი). პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებული დროებით განთავსებულია შიდა კლასიფიკაციის საკანში (ე.წ საკარანტინე საკანი).

მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა ზურაბ მენთეშაშვილმა 2025 წლის 06 ნოემბერს დააფიქსირა, რომ აცხადებდა შიმშილობას, პენიტენციურ დაწესებულებებში „მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილების შესაბამისად განთავსებულ იქნა მოშიმშილე პირებთან ერთად, მაგრამ ვინაიდან ზურაბ მენთეშაშვილი ჩვეულებრივ იღებდა და იღებს საკვებს და ასევე სარგებლობდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით, მისი გაჩერება ვერ მოხდებოდა მოშიმშილე პირებთან ერთად. აღნიშნულის თაობაზე დაწესებულების მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ საკანში განთავსებული სხვა მოშიმშილე ბრალდებულები.

ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი დღესაც განთავსებულია ისეთ საკანში, რომელშიც მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. დაწესებულების დირექტორის მომართვის საფუძველზე, საკანში გადაღებული ჩანაწერის დაარქივება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის დავალების შესაბამისად, ხორციელდება 2025 წლის 26 დეკემბრიდან, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულების ზურაბ ჭავჭანიძისა და ზურაბ მენთეშაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით სისტემატურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და ინტერესების დამცველი ადვოკატი თავად საუბრობს მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის დაარქივებაზე.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ ვიდეომეთვალყურეობის შედეგად დაარქივებული მასალის გასაჯაროებას, რომელშიც დაფიქსირებულია ბრალდებულების ზურაბ ჭავჭანიძისა და ზურაბ მეთეშაშვილის კონფლიქტი საკვების ერთმანეთისგან ფარულად მიღების გამო. ასევე, ასახულია მოშიმშილე ბრალდებულების მიერ საკვების მიღების კადრები.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს და ზურაბ მენთეშაშვილს გამოცხადებული აქვთ შიმშილობა, ორივე ბრალდებული იკვებება სრულყოფილად, იღებენ როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

აქვე დამატებით აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულმა დენის კულანინმა 2026 წლის 17 თებერვალს დააფიქსირა, რომ აცხადებდა შიმშილობას, თუმცა მიუხედავად ამისა, შიმშილობის გამოცხადების დღიდან, მსჯავრდებული ჩვეულებრივ იღებს, როგორც დაწესებულების მიერ მიწოდებულ, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილ საკვებს, რასთან დაკავშირებითაც დაწესებულებაში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×