რეზონანსი
12.03.2026

ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.

„მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×