
სომხეთის პრემიერ-მინისტრის გზავნილი ეხება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს - ის აჟღერებს იმ საკითხებს, რომელიც მისი გადმოსახედიდან, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სიტყვით გამოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან თავისი ურთიერთობა აქვს და ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს.
„ბატონი ფაშინიანი გახლავთ სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ის, როგორც სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, ისე საუბრობდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის გზავნილი ეხება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს. ჩვენი ჩვენი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს. ევროკავშირმა თვითნებურად, არაპროვოცირებულად შეაფერხა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასე რომ ბურთი არის ბრიუსელის მოედანზე. მათ უნდა გამოასწორონ თავისივე გაფუჭებული, ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოვასწორებთ.
[ფაშინიანი] აჟღერებს იმ საკითხებს, რომელიც მისი გადმოსახედიდან, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ეს ბრიუსელმა გააფუჭა. საკუთარ გაფუჭებულზე თვითონ უნდა აგონ პასუხი და გამოასწორონ,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“.
„ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.