
ლაითურის ციხის პატიმრის დედა ადმინისტრაციას მისი შვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს - გასული წლის ზაფხულში, სოფელ ერგეში მოკლული ბესო ბოლქვაძის საქმეზე ბრალდებული კაცის დედის მტკიცებით, მის შვილს ლაითურის ციხეში სცემენ და აწამებენ.
დედა ამტკიცებს, რომ განაჩენის გამოცხადებას მისი შვილი იმის გამო ვერ დაესწრო, რომ სასტიკად იყო ნაცემი. მძიმე ბრალდებით დაკავებული კაცის ახლობლები ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სისხლიც აღებინა. გუშინ ლაითურის ციხესთან პატიმრის ოჯახმა გამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი დაუყოვნებლივ ითხოვენ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირებას.
სახალხო დამცველის პრესსამსახურმა „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ ლაითურის ციხეში პატიმარ შარაძის მოსანახულებლად სახალხო დამცველის წარმოამდგენლების მალე შევლენ.
„8 მარტს ჩემი შვილი ჩააგდეს კარცერში, აწამეს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო მასზე, რომ მას ეღიარებინა. ჩემმა შვილმა სიმართლე ვერ დაამტკიცა და სისხლიანი ხელები შეახოცეს. რადგან ჩემმა შვილმა სასამართლოზე სიმართლე თქვა, იგივე გაუკეთეს ციხეში კიდევ. მე კატეგორიულად ვითხოვ, მანახონ რა დღეშია ჩემი შვილი იქ. თუ ჩემს შვილს არ მანახებენ, აქ დავიწვავ თავს. დაჭერის დღიდან როგორ ცემეს ჩემი შვილი და 9 თვე რა წამებაშია, დღემდე გამოძიებაშია. აჭარის პროკურატურამ ეს ამბავი დღემდე ვერ გამოიძა. საჭმელს მიმოწმებენ, როცა პატიმრებს იქ წამლავენ. სისხლი მოსდიოდა ჩემს შვილს სასამართლოზე და პროკურორი იძახდა, შენი ფაღარათი გამოვიძიოთ ახლაო. სცემდნენ აწამებდნენ, რომ ტყუილი ჩვენება მიეცა“, - ამბობს პატიმრის დედა.