რეზონანსი
13.03.2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ერთი კვირის წინ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. შესაბამისი განცხადება მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მისი თქმით, მზად არის „აღიაროს არარსებული დანაშაული და აანაზღაუროს არარსებული ზიანი, რათა საქმე სწრაფად დასრულდეს“. მიქაუტაძის განცხადებით, პროკურატურა მანამდე აცხადებდა, რომ მას საპროცესო შეთანხმებაზე არ მიუმართავს, რის გამოც ოფიციალურად მიმართა უწყებას.

„რასაც ამდენი ხანია გიყვებით ტოვებს ერთადერთ, უალტერნატივო დასკვნის საფუძველს - ამდენი უზუსტობა ბუღალტერიაში და ჩვენებებში, მითუმეტეს, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა თავისთავად, ეს არის კონკრეტული პირების, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, კონკრეტული დავალებების, მეგობრების თხოვნებისა და შურ-ბოღმიანობის შედეგი. სიცრუის და მიზანმიმართული დეზინფორმაციის შექმნის მცდელობით გამოწვეული ნეგატივის შესაღება საზოგადოებისთვის არა და ვერ გამოგივათ, ამის იმედი კი არა, მჯერა.

მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, ასეთი ზიანისა, ოღონდ, ვის მივაყენე და რა მივაყენე არ ვიცი, ვინ რით დავაზიანე არ ვიცი, იმიტომ, რომ განგებამ გვაჩუქა ჩემი მოსახელის და მოგვარის მოლოდინი, ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე გაჩნდება კაცი, მორიგი მიქაუტაძე, სწორედ ამიტომ, 1 კვირის წინ პროკურატურას მივმართე საპროცესო გარიგების გაფორმების თხოვნით. არარსებული დანაშაულის აღიარების და არარსებული ზიანის ანაზღაურების მზადყოფნის, რაც მთელი ოჯახის გადაწყვეტილება, რომ იქნებ, ერთად ვიზეიმოთ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე თვეში გველოდება. საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ არც ამას არ შევუშინდებით.

ისევ ცალმხრივი მოლოდინის რეჟიმში ვართ. პროკურატურა იმეორებდა, არ მოუმართავთო, ჰოდა, ჩვენც მივმართეთ. შეიქმნა პრაქტიკები მსგავსი შემთხვევებისა. ჩემი შემთხვევა ის არის, რომ გაუგებარია ზიანი ვის მიადგა და სად. საზოგადოებრივ ინტერესს მიადგა ზიანიო, როგორც 194-ე მუხლი, რომელსაც პროკურორები „რეზინის მუხლს“ ეძახიან. სადამდეც გინდა, იქამდე გაწელავ, ამას ნიშნავს „რეზინის მუხლი“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძემ სასამართლოს მიმართა თხოვნით, მიიღოს „სწორი, გონივრული და პრაგმატული გადაწყვეტილება“, რათა „მართალი ადამიანი არ დაიჩაგროს“.

დასკვნითი სიტყვის ბოლოს მან მადლობა გადაუხადა ოჯახს, მეგობრებს, ადვოკატებსა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის.

„მსგავსი საქმე კი არა, ათწლეულებია, არც კი მიჩხუბია. ასევე ვარ ღირსების ორდენოსანი. არ ჩამიდენია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული. ნარკოტიკული ხასიათის დანაშაული. არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მიიღოთ ერთადერთი სწორი, გონივრული და ამავე დროს პრაგმატული გადაწყვეტილება - მართალი ადამიანი არ დაიჩაგროს, რაც ყველას ინტერესებში შედის, ისედაც ბევრი ბოროტმოქმედია.

არც შეცდომების აღიარება მიჭირს და ვთქვი კიდევაც, რაც ნამდვილად შეცდომაა. იყო დეკლარაციის საკითხი. ასევე არსებობდა ცუდი პრაქტიკები ენერგეტიკაში. ბოლოს, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ოჯახს: მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. ჩემ ძმას და მის ოჯახს, რძლებს, ჩემს მძახალს, სიმამრს და სიდედრს, ჩემს ადვოკატებს, უამრავ ჩემს მეგობარს და გულშემატკივარს. მინდა მადლობა ვუთხრა საბადრაგო და პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს. ყველა ერთად, რომ არა ამ მომენტამდე მოსვლა გამიჭირდებოდა“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×