რეზონანსი
13.03.2026

„იბიარდის“ პრიორიტეტად კვლავ რჩება კერძო ლოგისტიკური კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც ჩართულნი არიან მიწოდების ჯაჭვში - ამის შესახებ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი, ალკის დრაკინოსი აცხადებს. მისი თქმით, ლოგისტიკის სექტორი, განახლებად ენერგიასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენს წარმოადგენს. რაც შეეხება შუა დერეფანს, „იბიარდის“ რეგიონული დირექტორის თქმით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის გადამწყვეტია ბიუროკრატიის მინიმუმამდე შემცირება და პროცედურების გამარტივება.

„შუა დერეფნის კონცეფცია წლებია არსებობს და ის დღეს უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. „იბიარდი“ აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და უწევს ტექნიკურ დახმარებას მარშრუტის გასწვრივ მდებარე ბევრ ქვეყანას. ჩვენ უკვე დავაფინანსეთ ყაზახეთში აქტაუს პორტი, განვიხილავთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აზერბაიჯანში და არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში. გვჯერა, რომ ეს დერეფანი გააერთიანებს ქვეყნებს და გაზრდის მთლიანი რეგიონის კეთილდღეობას. „იბიარდი“ მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა მოგებიან პროექტს, რომელზეც მოთხოვნა იარსებებს“ - ამბობს ალკის დრაკინოსი „ბიემჯისთან“. 

მისივე თქმით, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ირანში არსებული კონფლიქტის ფონზე, „შუა დერეფანი“ საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ყველაზე საიმედო ალტერნატივად იქცა. ალკის დრაკინოსი ამბობს, რომ ირანის ომის ფონზე, დერეფანი სტაბილურია, რაც კავკასიის ქვეყნებს გლობალურ რადარებზე პრიორიტეტულად წარმოაჩენს.

„ირანში არსებულმა კონფლიქტმა მნიშვნელოვნად გაზარდა ტვირთების გადაზიდვის რისკი აზიასა და ევროპას შორის, რადგან ირანის მარშრუტი პრაქტიკულად აღარ განიხილება. იმედი გვაქვს, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა კომპანიები უკვე ცდილობენ მსგავს რისკებთან ადაპტაციას. ამ ფონზე, შუა დერეფანი, რომელიც ამჟამად ომისგან თავისუფალია, ხდება აშკარა და ძალიან მიმზიდველი ალტერნატივა, რაც კავკასიის ქვეყნებს საერთაშორისო რადარებზე კიდევ უფრო აქტიურად წარმოაჩენს“, - აცხადებს „იბიარდის“ რეგიონული დირექტორი.

მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, „იბიარდმა“ საქართველოს ეკონომიკაში, მათ შორის ლოგისტიკასა და ტრანსპორტში, 1.5 მილიარდ ევროზე მეტი დააბანდა. რეგიონული დირექტორის თქმით, ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური პროგრესი სასაზღვრო პუნქტებზე და ქვეყნებს შორის მჭიდრო კოორდინაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×