რეზონანსი
13.03.2026

ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე ირანსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის გამო, ნავთობის ფასის ზრდას სოციალუტ ქსელში ეხმაურება.

"სპარსეთის ყურეში მიმდინარე სამხედრო ესკალაცია და ნავთობის ფასების ზრდა 

არა მხოლოდ ენერგეტიკული კრიზისის, არამედ გეოპოლიტიკური ძალთა გადანაწილების პროცესად შეიძლება იქცეს. ბაზარზე ფასების ცვლილებები  მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებს როდი იწვევს, არამედ საშუალებას აძლევს ცალკეულ სახელმწიფოებს გაიმყარონ ფინანსური და პოლიტიკური პოზიციები გლობალურ პოლიტიკაში.

ნავთობის ფასის მატება განსაკუთრებით სასარგებლოა ენერგორესურსების ექსპორტიორი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებუთ, რუსეთის შემთხვევაში, სადაც ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული.

თუ მხედველიბაში მივიღებთ, ფასების დღევანდელ დინამიკას, ბარელზე ფასების სულ მცირე 10%-იანი ზრდისას ანუ 80-90 დოლარის ფარგლებში, რომ შენარჩუნდეს. შეუძლია წელიწადში 12–15 მილიარდი დოლარის დამატებითი შემოსავალი მოუტანოს სახელმწიფო ბიუჯეტს. ცალკეული შეფასებით, რუსეთის ბიუჯეტი იღებს დღეში დაახლოებით $150 მილიონამდე დამატებით შემოსავალს ფასების ზრდის გამო. გაზრდილი ექსპორტი  ზრდის სახელმწიფო სავალუტო შემოსავლებს და საშუალებას იძლევა  გაზარდოს სამხედრო და უსაფრთხოების ხარჯები. მაღალი ფასები ასევე აძლიერებს სავაჭრო ბალანსს და ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სანქციების ფონზე.

ნავთობის ფასების ზრდა რუსეთს პოლიტიკურ სარგებელსაც აძლევს. ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი საშუალებას იძლევა განავითაროს სამხედრო ტექნოლოგიები და გამოიყენოს ენერგია გეოპოლიტიკური ბერკეტის ინსტრუმენტად, რასაც უკრაინაში შეჭრამდეც წარმატებით იყენებდა.

ნავთობის ფასების მატება აშშ-სთვისაც ფინანსურ სარგებელს ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტების მსხვილი ექსპორტიორია. შელფის ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის წარმოების განვითარებამ ბოლო ათწლეულში აშშ ენერგეტიკულ ბაზარზე წამყვან პოზიციამდე მიიყვანა. საერთაშორისო ბაზარზე ფასის 10%-იანი ზრდა წარმოშობს ამერიკული ენერგოკომპანიების წლიურ 8–10 მილიარდ დოლარიან დამატებით მოგებას, რაც ზრდის ინვესტიციებს სექტორში და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციას. აშშ-ს შეუძლია გაზარდოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტი, რითაც პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით ევროპასა და აზიაში, ალტერნატიულ ენერგორესურსებს სთავაზობს, რაც ზრდის ქვეყნის გეოპოლიტიკურ გავლენას ამ რეგიონებში.

მეორეს მხრივ, ფასების მატება სერიოზულ გამოწვევებს უქმნის იმ ქვეყნებს, რომლებიც ენერგორესურსების იმპორტზე არიან დამოკიდებული, მათ შორის ჩინეთს და  ინდოეთს. რადგან ზრდის წარმოების ხარჯებს, აჩქარებს ინფლაციას, ამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპს და ზრდის საგარეო მოწყვლადობას. 

შედეგად ვიღებთ მოცემულობას, რომელშიც ენერგოიმპორტიორი ქვეყნები უფრო დიდი ეკონომიკური ზეწოლის წინაშე დგანან, ხოლო ენერგოექსპორტიორები ფინანსურად ძლიერდებიან.

გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიწოდების გზების დივერსიფიკაცია. ევროპული ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ ენერგორესურსების დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე, რაც ზრდის კასპიის რეგიონისა და სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ მნიშვნელობას. კასპიის აუზში მდებარე ქვეყნები, განსაკუთრებით აზერბაიჯანი და ყაზახეთი, ევროპულ ბაზრებზე ენერგიის მიწოდების მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობენ, სამხრეთ კავკასიის გავლით.

რაც მთავარია, კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიაზე, განთავსებულია სტრატეგიული სატრანზიტო ინფრასტრუქტურა. საქართველოს გავლით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელი ხდება რუსეთისა და ირანის გავლენის გვერდის ავლით, რაც რეგიონს სტრატეგიულ ენერგეტიკულ დერეფნად აქცევს. საქართველოზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილსადენები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებას ევროპისკენ, ამცირებენ ენერგეტიკულ რისკებს და ზრდიან სტაბილურობას საერთაშორისო ბაზრებისთვის.

 შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გაღრმავებამ შესაძლოა კავკასია კიდევ უფრო სტრატეგიულ გლობალურ ენერგეტიკულ რეგიონად აქციოს."- წერს გიორგი ცუცქირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×