
დიქტატურა თუ ჩაბეტონდა, გვექნება ასეთი სურათი, ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან. თუ გგონიათ, რომ ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, ახლა განსხვავებებზე ლაპარაკის დრო არ არის.
„ეს ძალიან სერიოზულია
სასამართლოში ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი ქონების მთლიანად ჩამორთმევის საკითხს როცა წყვეტდნენ, მე ვსაუბრობდი არა ჩემს 1,5 ჰექტარ ვენახზე და 75 კვ.მ.-ის სახლზე, არა ტრამპის კლუბში წაყვანისთვის გაღებულ ხარჯებზე, არამედ იმ დიდ საფრთხეზე, რომელიც უდგას დღევანდელი და მომავალი თაობების ქართველებს. შევხედოთ ირანს – იქ რევოლუცია მოხდა 1978 წელს. მაშინ 11 წლის ვიყავი და ცხოველი ინტერესი მქონდა ირანში მიმდინარე მოვლენებისადმი. იმის შემდეგ ირანელების სამი თაობა დაიბადა და გაიზარდა დიქტატურაში. ახლა მათ დაუსვეს მოჯთაბა, განსვენებული აიათოლას მეორე შვილი და ჰპირდებიან მონობის მრავალ ათწლეულს.
მოდი, დავუბრუნდეთ საქართველოს, რომელსაც უკვე მე-14 წელია, მართავს ივანიშვილი. მან ყველას დაანახა, რომ არა მხოლოდ ხელისუფლებაზე უარის თქმას არ აპირებს, არამედ უახლოეს ხანში გადაწყვეტილი აქვს თავის შემცვლელად ვაჟიშვილი ცოტნეს დასმა. ხოდა თუ დიქტატურა ჩაბეტონდა, გვექნება ასეთი სურათი.
ცოტნე 20 წლისაა, ჩემი ალისა ხუთის. გუშინწინ სასამართლოზე მყოფი უმაგრესი ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამი გადასცილდა 20-ს, იქვე მყოფი ჩემი ძვირფასი მეგობრის, თეა ადეიშვილის ნიტა ცოტა კიდევ უფროსია. ხოდა იმის გათვალისწინებით, რომ დიქტატურის დროს მმართველი მხოლოდ ასაკის გამო იცვლება და თანამდებობა მემკვიდრეობით გადადის, ცოტნე I-ის მმართველობის დასასრულისთვის ალისა იქნება დაახლოებით 60-65 წლის, ხოლო ორივე ნიტაც და მარიამიც 80 წელს მიტანებული, მათი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები და ალისას შვილიშვილები იქნებიან დაბადებული და იცხოვრებენ დიქტატურაში. ეს არის ის, რაც რეალისტურად შეიძლება განვითარდეს, თუ დიქტატორმა ახლა ბოლომდე გაიდგა ფესვები. კუბას მაგალითად, რევოლუციიდან 70 წლის გასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, მართავს ყოფილი დიქტატორის, ფიდელის ძმის რაულ კასტროს შვილიშვილი. ჩრდილო კორეას კიმ ირ სენის შვილიშვილი. ივანიშვილი თუ ჩაბეტონდა, წინააღმდეგობის გამწევიც აღარავინ დარჩება. მოხდება ის, რაც კუბაში, ყველა ნიჭიერი ადამიანი წავა, ბევრი დაიხოცება და საქართველოში დარჩება მთლიანად დამონებული, პრაქტიკულად, დნმ შეცვლილი მასა. ვაკე-საბურთალო გაიყოფა ირანულ და რუსულ ნაწილებად, რომელთა მომსახურე პერსონალი ფილიპინელები იქნებიან და არა – ქართველები. თბილისის გარეუბნები იქნება არაბული, ხოლო ბათუმი რუსული და თურქული. ქართველები აქა-იქ შემორჩებიან ზემო აჭარაში, იმერეთში. სამეგრელო დარჩებათ რუსებს, რომელთაც უყვართ ზღვის მახლობლად დასახლება. ეს ყველა კატეგორია რენტას გადაუხდის ივანიშვილის ოჯახს, რათა მათ ახალჩამოსახლებულები ქართველების მხრიდან რევანშისგან დაიცვან. საერთოდ საქართველო გახდება ვირტუალური ღობით შემოღობილი ერთი დიდი ზონა, საიდანაც ქართველებს არცერთ ქვეყანაში აღარ შეუშვებენ და ქვეყანაშიც მხოლოდ გარკვეულ შიდა ზონებში იქნებიან ჩაკეტილები. ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან. თუ გგონიათ, რომ ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, მოხდა დიქტატურასთან უთანხმოებაში მყოფი უმრავლესობის დეჰუმანიზაცია და აქტიურად მიდის ქვეყნიდან განდევნა, უკვე განდევნილების გაქრობა, ხმის ჩამორთმევა, მალე საინფორმაციო არხებიც გადაიკეტება.
ხოდა, რა დროს ჩვენს განსხვავებებზე ლაპარაკია??? აზრზე მოვიდეთ ყველა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.