რეზონანსი
13.03.2026

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ხშირად არღვევდა.

პაატა სალიას თქმით, ბაზრის კვლევის შედეგად ახალი კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელთანაც რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

„ამ კომპანიასთან ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად გართულებული ურთიერთობა, ისინი ხშირად არღვევდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული.

მათთან ხელშეკრულება შეწყდა. დღეის მდგომარეობით, მოხდა ბაზრის კვლევა და შესაბამისად, ბაზრის კვლევით გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება რამდენიმე თვით. ამ პერიოდშიც უკვე გამოცხადდება ტენდერი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორ ნაწილად გავყოთ ეს ტენდერი და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე გადავანაწილოთ. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს. ანუ, ხელს შევუწყობთ უფრო კონკურენციას და ეს მომავალში, თავისთავად, გადაგვაზღვევს ისეთი შემთხვევებისგან, რაც „ილი ჯგუფთან“ გვქონდა“, - აღნიშნა პაატა სალიამ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელშეკრულება და ახალი ტენდერით გამოვლენილი პირები უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს და მათთან ნაკლები პრობლემები ექნებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×