რეზონანსი
14.03.2026

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სამ ძვირადღირებულ მაჯის საათს ჰყიდის. ელექტრონული აუქციონის საიტზე სააგენტომ საათები გასაყიდად 11 მარტს დადო. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილია Rolex-ის ფირმის სამი საათი: 149 600 ლარად იყიდება Rolex-ის ვარდისფერი ოქროს საათი (MODEL 126715CHNR, SERIAL 664177K8), რომელსაც სამაჯურზე დატანილი აქვს გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE, Au750,  8GY, ROLEXSA (აუქციონზე ვაჭრობის ბიჯია 2 992 ლარი); 48 900 ლარადაა შეფასებული და ყუთის გარეშე იყიდება როლექსის ფირმის საათი (MODEL 136660, SERIAL 641N9337), რომელსაც სამაჯურზე დატანილი აქვს გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE. STEELINOX, 287, ROLEXSA (ბიჯი 978 ლარი); 45 800 ლარადაა შეფასებული როლექსის ფირმის საათი, სერიული ნომრით G504P034, მოდელის ნომერი: 278273, რომელსაც აქვს სამაჯური უჟანგავი ფოლადით და 18K ოქროს მოპირკეთებით. საათი იყიდება ყუთით და ბარათებით, მუშა მდგომარეობაში (ბიჯი 916 ლარი).

ჯამურად გასაყიდად გამოტანილი საათების საწყისი გასაყიდი ღირებულება 244 300 ლარია. ელექტრონული აუქციონის პორტალის მიხედვით საათების ყიდვის ინტერესი ჯერ არავის გამოუხატავს. აუქციონები 2026 წლის 25 მარტს უნდა დასრულდეს. უცნობია, როგორ აღმოჩნდა ეს საათები სახელმწიფო ქონების ბალანსზე.

დღეს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ძვირადღირებული საათი იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფო ქონების სააგენტოს ბალანსზე თუკი სასამართლომ მოახდინა მისი კონფისკაცია; აღიარებულია უკანონო ან დაუსაბუთებელ ქონებად; იყო ნივთმტკიცება და სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა; გახდა უპატრონო ან სახელმწიფოს ნებაყოფლობით გადასცეს. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე. აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი საპრივატიზებო ქონების გატანა - ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. მყიდველი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს  ცხელ ხაზზე (1420) და შეათანხმოს მოგებული ქონების გატანის სავარაუდო დრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×