რეზონანსი
14.03.2026

ერთადერთი გზა, რომელიც მე მეჩვენება, რომ „ქართული ოცნების ინტერესში უნდა იყოს, ეს არის ვაშინგტონთან სიტუაციის დალაგება, ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან? - ეს კითხვები ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერების მისამართით დასვა.

მისივე თქმით, დასავლური ცივილიზაციის ზედნაშენი [ბიუროკრატია] არის გენერატორი დაავადებების.

“ტყუილი იწყება იქიდან, რომ თითქოს დასავლეთი არის ერთი რაღაც მთლიანობა, მონოლითი. სინამდვილეში დასავლეთი არის ორი რაღაცისგან შემდგარი. დასავლეთი არის ღირებულებითი ბირთვი, ეს არის ერთადერთი ცივილიზაცია დღევანდელ სამყაროში, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი დაიცვას ტირანიისგან და ამას ემსახურება ის სისტემები, რომლებიც დასავლეთის შიგნით შეიქმნა. ამ ცივილიზაციას შიდა და გარე მტრები ჰყავს. მეორე, დასავლური ცივილიზაციის ზედნაშენი არის ბიუროკრატია. ამ ზედნაშენის ფუნქცია უნდა ყოფილიყო დასავლეთის ბირთვის დაცვა. “ქართული ოცნება” ყველაფერს ხომ არ იტყუება, მაგრამ ნახევარი ტყუილი არის ყველაზე მძიმე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის ზედნაშენი არის გენერატორი დაავადებების. ამათაც სჭირდებათ, რომ თავიანთი მოქალაქეები მეტად დაბეგრონ, უფრო დიდი რეგულაციები დაუწესონ, ყველაფერი ის, რასაც რასაც „ქართული ოცნება” თავისი ხელისუფლებაში ყოფნის უდიდესი ნაწილი აკოპირებდა. რაღაცა კანონს რომ ვიღებდით და ვამბობდით, ეს ხომ სისულელეა, გვპასუხობდნენ ევროკავშირი გვთხოვსო. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების” „რეჟიმ ჩეინჯი” მოუნდათ ამ დასავლური ცივილიზაციის ზედნაშენს, „ქართული ოცნება“ რას აკეთებს? ფასების კონტროლს აგრძელებს, პლასტმასის ბოთლებს ებრძვის, მანქანების შემოყვანას კრძალავს, ანუ ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც თავის დროზე ვითომ ევროკავშირის მოთხოვნით აკეთებდა”, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილი “იმედის” ეთერში დებატების განახლების საკითხსაც გამოეხმაურა.

„დიდი მადლობა, ძალიან მომენატრა დებატები, როგორც იქნა მოხდა ეს ამბავი”, - აღნიშნა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×