
საგარეო პოლიტიკის გამოწვევები, გეოპოლიტიკური პროცესები, საფრთხეები და "ქართული ოცნების" სამშვიდობო პოლიტიკა იყო საჯარო დისკუსიის მთავარი თემა, რომელშიც პარლამენტის სპიკერთან და საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად, აკადემიური წრისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მმართველი გუნდის წევრებმა აქცენტი გააკეთეს პრაგმატულ და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკაზე.
"საგარეო პოლიტიკა ეს არ არის მხოლოდ გარკვეული თეორიული დისკუსია საერთაშორისო ურთიერთობებზე. საგარეო პოლიტიკა ეს არის ქვეყნის ინსტრუმენტი, რომლითაც ის იცავს საკუთარ ხალხს და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. საგარეო პოლიტიკა ამ მხრივ, არის გაგრძელება საშინაო პოლიტიკის. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ "ქართული ოცნების" და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა არის ორი - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და შესაბამისად, საგარეო პოლიტიკაც იზომება ამ ორი კრიტერიუმით.
თქვენ ზომავთ საქართველოს მთავრობას იმით თუ რა ურთიერთობა აქვს ამ ცენტრებთან, სწორედ ამის საპირისპიროს ვამბობთ ჩვენ, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე.
ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ამით დავიწყე მე, არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება, უნდა იზომებოდეს არა იმითი თუ რომელ ცენტრებთან რა ურთიერთობა აქვს, არამედ იმითი რა ეროვნული ინტერესების გატარებას ვცდილობთ ჩვენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელ ადმინისტრაციას როგორ ესახება საერთაშორისო ურთიერთობები, ამაზე ისაუბრა თავად სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, რომელმაც თქვა, რომ ისინი აღიარებენ, რომ სხვა ქვეყნებს აქვთ ეროვნული ინტერესები, ისინი ამ სხვათა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ესაუბრებიან თავის ინტერესებზე, და აქვთ ორი მიზანი: ერთი - სადაც შესაძლებელი არის ამ ინტერესების თანხვედრა, იქ იყოს პარტნიორობა, სადაც ეს ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, იქ არ იყოს კონფლიქტები. ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს, და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და რაღაც სხვა საკითხები. ჩვენ არ უნდა მოვერგოთ, ჩვენ უნდა ვთქვათ რა არის ჩვენი ინტერესები და ასე ვესაუბროთ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.