
ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.
„ქალბატონი გჟებიკი, რომელიც პოლონეთის სახელისუფლებო წრეებთან არის აფილირებული, საქართველოში ფორმალურად გამოგზავნეს. ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა რგოლში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახლდათ. ფაქტობრივად, წინასწარ დაწერილი დოკუმენტი, წინასწარ დაწერილი დასკვნა გაასაღეს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნად, რომელიც თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აბსურდის თეატრის მორიგი წარმოდგენა გამართონ“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად წარმოადგინა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.